აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის ევროპული ინვესტიცია ხორციელდება. ამის შესახებ „გლობალპრესს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

 

მათი ინფორმაციით, ქობულეთში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა ქობულეთში ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.

 

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პროექტი აჭარას და საქართველოს გადააქცევს მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად და ხაზი გაუსვა აჭარის მთავრობის წარმომადგენლების როლს პროექტის განხორციელებაში.

 

„ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც იქნება ნამდვილი მარგალიტი მთელი შავი ზღვის აუზში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სწორედ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც ლიდერი ქვეყანა ტურიზმში“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აჭარა ახალ მიმზიდველობას იძენს.

 

,,პროექტის განხორციელება ქობულეთში ახალ შესაძლებლობებს შექმნის და უზრუნველყოფს ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობას. აჭარის ისტორიაში ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ სრულად ფინანსდება ევროპული კაპიტალით და ევროპული ინვესტიციით“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

 

„ტერიტორიაზე მშენებლობისას და შემდგომ ოპერირებისას დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები. ასევე, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში.

 

პროექტში ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრი, პარკირება 500 ავტომობილისთვის და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი. სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მართვა განხორციელდება საერთაშორისო ბრენდის მიერ.

 

,,გრინ რეზორტის" მშენებლობისას გამოყენებული იქნება ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. ტერიტორია აღჭურვილი იქნება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები და მზის ენერგიის პანელები“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.