მაღალრეიტინგული სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet-ის ობიექტში საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა. გავლენიანი გამოცემა Lonely Planet მკითხველებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. 

 

საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების სიაში: საბერძნეთი, პორტუგალია, ხორვატია და რუმინეთი შევიდნენ. Lonely Planet-ის ინფორმაციით ჩამოთვლილ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ სპეციფიკური პროტოკოლები მომზადდა, რაც განთავსების ობიექტების, რესტორნებისა და მაღაზიების ტიპის შენობებში ჰიგიენის წესებს ეხება.

 

„კორონავირუსის შემთხვევების მიხედვით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთ ყველაზე კარგ პოზიციას იკავებს. საქართველომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სწრაფი ზომები მიიღო. მონაცემების მიხედვით საქართველოში პანდემიის შედეგად ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებთან შედარებით დაახლოებით 260-ჯერ ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველო 1-ლი ივლისიდან კონკრეტული ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნას გეგმავს. საკუთარი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით ჯანდაცვის სპეციალურ ზომებს ნერგავს“, - წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი ჯეიმს გაბრიელ მარტინი.

 

Lonely Planet-ს მსოფლიოში ყოველთვიურად 13 მილიონი მკითხველი ჰყავს, ხოლო სოციალურ ქსელებში სამოგზაურო ჟურნალის გამომწერთა რაოდენობა 12.5 მილიონზე მეტია. 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.