თურქეთი სირიაში საომარ ოპერაციებს წყვეტს, რათა ქურთულ ძალებს შესაძლებლობა მიეცეთ, 120 საათის განმავლობაში "უსაფრთხოების ზონა" დატოვონ. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს, რომელიც დღეს ანკარაში გაიმართა.
„ყველა მოქმედება, რომელიც „მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში მიმდინარეობს, შეწყდება, ხოლო უშუალოდ ოპერაცია მთლიანად შეჩერებულია ვიდრე ქურთული ძალები არ დაასრულებენ გასვლას“, - განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა.
პენსმა ასევე აღნიშნა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო ანკარას წინააღმდეგ შეერთებული შტატების მიერ შემოღებული სანქციები მოიხსნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რეგიონში მთლიანად შეწყდება ცეცხლი.
ჩვენ გვქონდა აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან, იუსტიციის სამინისტროსთან ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ინტენსიურად მუშაობდა იუსტიციის სამინისტრო, იმისათვის, რომ სათანადო შედეგისთვის მიგვეღწია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია ომში და ზუსტად ამას ასახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.
„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ზოგადად ეფუძნება იმ რეალობას, რომელიც იყო 2008 წელს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ომში აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია და ზუსტად ამას ასახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა ამ გადაწყვეტილებას სჭირდებოდა ძალისხმევა ქართული მხრიდან, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან და ზუსტად ამის შედეგია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ“, –განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.