სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.

 

ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალმა პარლამენტმა უნდა განაგრძოს ქვეყანაში დაწყებული ცვლილებები.

 

„ჩემთვის სომხეთი ბრძოლისა და გამარჯვების განსახიერებაა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ დაკავშირებული ვართ მსოფლიო კულტურასთან, მსოფლიო თანამეგობრობასთან. სადაც არ უნდა დავიბადოთ და სადაც არ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი სამშობლო სომხეთია და ჩვენ უნდა ვიშრომოთ მისი განვითარებისა და დაცვისთვის“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ახალი მოწვევის პარლამენტი გასული წლის 9 დეკემბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად იყო არჩეული. არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა მიიღო, რომელიც სათავეში ჩაუდგება სომხეთის მთავრობას.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.