კავკასიაში აშშ-ს და ნატო-ს გავლენის გაძლიერება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ ვითარების გამწვავების წინაპირობას ქმნის, - ამის შესახებ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, ანატოლი სიდოროვმა განაცხადა.

 

„საქართველო, დიალოგისთვის მზაობის დემონსტრირებასთან ერთად, ბლოკავს მოლაპარაკებების პროცესს ჟენევის ფორმატში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გადაჭრის კუთხით. დასავლეთის ქვეყნები კვლავ უჭერენ მხარს თბილისს ამ საკითხში და წინაპირობებს ქმნიან ვითარების გამწვავებისთვის. აშშ-ს და ნატო-ს საქმიანობა რეგიონში გავლენის გაზრდის თვალსაზრისით შეშფოთებას იწვევს. ვაშინგტონი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ხელმძღვანელობის ანტირუსულ პოლიტიკას და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას“, - განაცხადა ანატოლი სიდოროვმა.

 

მისივე თქმით, კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების კუთხით რთული ვითარებაა შენარჩუნებული.

 

„ეს პირველ რიგში განპირობებულია რეგიონის საზღვრებთან მაღალი კონფლიქტური პოტენციალის არსებობით და ასევე აშშ-ს და დასავლეთის მისწრაფებით, აღნიშნულ რეგიონში საკუთარი გავლენა გაზარდონ“, - განაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.