Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9638
EUR
3.267
RUR
0.0456
GBP
3.6526

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე კალისტრატეს  დაკრძალეს. მეუფეს მისი ანდერძის თანახმად, ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ფლიგელში დაკრძალავენ. სასულიერო პირების ინფორმაციით, ტაძარში მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ სასულიერო პირი არ დაკრძალულა.

 

ბაგრატის ტაძარში პანაშვიდები დილიდან მიმდინარეობს. ტაძარში პატრიარქს ელოდებიან, თუმცა დაესწრება თუ არა უწმინდესი დაკრძა;ვას, დაზუსტებით ჯერ ცნობილი არ არის.

 

მეუფე კალისტრატე 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, 20 ივნისს გარდაიცვალა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ალ-მუსტაფას საერთაშორისო (სასულიერო) უნივერსიტეტის რექტორი, ალი აბასი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი და მათი თანმხლები პირები მიიღო. ამის შესახებ „გლობალპრესს“ საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ისაუბრეს გახშირებულ ტერორისტულ აქტებსა და მსოფლიოში განვითარებულ მძიმე პროცესებზე, რომლებსაც სამწუხაროდ უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.

 

ამასთან, დელეგაციის წევრებმა მის უწმინდესობას ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ჰამენეის მოკითხვა გადასცეს.

 

საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირანი დიდი კულტურის მქონეა და ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება დადებითი შედეგის მომტანი იქნება.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭომ სასულიერო აკადემიის პედაგოგს გოჩა ბარნოვს პედაგოგიური საქმიანობის უფლება შეუწყვიტა. ამის შესახებ ნათქვამია აღნიშნული საბჭოს განცხადებაში.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ გოჩა ბარნოვს აკადემიასა და სემინარიაში პედაგოგიური საქმიანობა შეუწყდება მანამ, სანამ იგი არ გამოხატავს სათანადო სინანულს მის მიერ ჩადენილი ყველა ცილისმწამებლური მოქმედების გამო და არ მოითხოვს გულწრფელ პატიებას.

 

„მიმდინარე წლის 14 თებერვალს გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელზეც იმსჯელეს სასულიერო აკადემიის პედაგოგის ბატონ გოჩა ბარნოვის მიერ სოციალურ ქსელსა და მედია-სივრცეში გავრცელებული უკიდურესად ცილისმწამებლური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებების შესახებ. მან თავისი განცხადებებით არაერთხელ დასწამა ცილი და მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, საპატრიარქოს და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, რექტორატს და პროფესორ-მასწავლებლებს.

 

აღნიშნულ განცხადებებში გამოვლინდა ქრისტიანული ეთიკის, აგრეთვე, შრომითი ხელშეკრულებით, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შინაგანაწესით და სხვა შიდანორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების დარღვევები:

 

1. ქრისტიანული ეთიკის ყველა ნორმის დარღვევას წარმოადგენს გოჩა ბარნოვის განცხადება იმის შესახებ, რომ წმინდა სინოდის წევრები „ძალიან სამარცხვინო პოზიციას იკავებენ“. ბარნოვი აფართოებს თავის ბრალდებას და ცილს სწამებს მთლიანად საქართველოს ეკლესიას, აბრალებს რა მას პრორუსულობას. აი, გოჩა ბარნოვის შესაბამისი სიტყვები: „საქართველოს ეკლესიაც და საქართველოს მთავრობაც თავისი პოზიციით პრორუსულია და, აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის გაუწევენ ანგარიშს რუსეთს... მსგავსი სამარცხვინო ნაბიჯები საკმაოდ ხშირად გადაგვიდგამს. ასე რომ, გასაკვირი ნამდვილად არაფერია“. მან იგივე ცილისწამება დაადასტურა 11 თებერვალს გამართულ დისციპლინური საქმის წარმოების კომისიის სხდომაზე. ასევე ეთიკური ნორმების უხეში დარღვევაა გოჩა ბარნოვის შემდეგი სიტყვები: „ყველა ნორმალური ადამიანი და საღ ჭკუაზე მყოფი ეკლესიის მეთაური ნელ-ნელა დაიწყებს აღიარებას“. დაუშვებელია, რომ ნორმალურ ადამიანებად და საღ ჭკუაზე მყოფებად არ მიიჩნიო ეკლესიის იარარქები და, საზოგადოდ, განსხვავებული აზრის მქონე ნებისმიერი პირი.

 

2. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამდებობრივი ინსტრუქცია − 8.7. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია პედაგოგის მოვალეობა, კერძოდ, „რექტორთან (პრორექტორთან) პრესასა და ელექტრონულ მედიაში გამოსაქვეყნებელ იმ პუბლიკაციათა შეთანხმება, რომლებიც სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის სარწმუნოებრივ, კანონიკურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება“. აღნიშნული ქვეპუნქტი დაირღვა გოჩა ბარნოვის უაღრესად შემაშფოთებელი და გამოთქმის ფორმით ყოველგვარ ზღვარს გადასული უტიფარი განცხადებით:

 

„თუ საქართველოს საპატრიარქო გადამწყვეტ მომენტში მხარს დაუჭერს რუსეთის ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიასთან მიმართებაში, საქართველოს ეკლესიაში აუცილებლად აღმოჩნდებიან ისეთი მღვდელმთავრები, რომლებიც დედა ეკლესიის წიაღში და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან თანაზიარებაში დარჩებიან. ასეთ შემთხვევაში არსებობს საშიშროება საქართველოს ეკლესიის გახლეჩისა; პირველნი დარჩებიან კონსტანტინოპოლის მიერ აღიარებული, და მაშასადამე, დედა ეკლესიის წიაღში, მეორენი კი, მაშინ უკვე მოსკოვის სქიზმატური ეკლესიის ქართულ ფილიალად“.

 

3. გოჩა ბარნოვსა და თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას შორის 2018 წლის 14 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულება − 3.1.15. პუნქტი, რომლის თანახმად, სასწავლებლის პედაგოგს ეკრძალება: „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქმიანი რეპუტაციის, პრესტიჟის შემლახავი ცნობების რაიმე ფორმით გავრცელება“. აგრეთვე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შინაგანაწესი − 8.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც დადგენილია, რომ სასწავლებლის თანამშრომელთათვის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს დასაქმებულის მიერ „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ან/და მისი თანამშრომლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელი განურჩევლად იმისა, თსას-შია ჩადენილი თუ მის გარეთ“.

 

აღნიშნული პუნქტები დაირღვა გოჩა ბარნოვის შემდეგი განცხადებით:

 

„მე არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ არ ვარ აქლემი. საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის რომ აკადემიის ადმინისტრაციის და საპატრიარქოს გადამტერების რეალური მიზეზი ჩემს მიერ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული სტუდენტებია. საპატრიარქოს და აკადემიას შიშის ზარს ცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი აქვთ“.

 

აღნიშნული განცხადება უკიდურეს შეურაცხყოფას აყენებს როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ისე მთელ საპატრიარქოს და თბილისის სასულიერო აკადემიის ყველა პედაგოგს, მაშინ როცა სინამდვილე რადიკალურად განსხვავებულია, ვინაიდან სწორედ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შუამდგომლობით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წლების განმავლობაში პერიოდულად იგზავნებოდნენ და იგზავნებიან აკადემია-სემინარიის წარჩინებული სტუდენტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლებში მათ შორის, საბერძნეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, რუმინეთში. საგანგებოდ აღსანიშნია, რომ თავად გოჩა ბარნოვი საკუთრივ აკადემიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის პირადი ინიციატივით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე მისი უშუალო შუამდგომლობით სასწავლებლად გაგზავნილ იქნა საბერძნეთში. თვალსაჩინო რომ გახდეს აღნიშნული ბრალდების აბსოლუტური უსაფუძვლობა, წინამბდებარე განცხადებას ვურთავთ იმ სტუდენტების არასრულ სიას, შესაბამის ქვეყნებსა და ქალაქებზე მითითებით, რომლებიც სწორედ აკადემიის სახელით იქნენ გაგზავნილნი ევროპის სხვადასხვა სასწავლებელში.

 

ამავე პუნქტის დარღვევაა გოჩა ბარნოვის შემდეგი განცხადებები:

 

ა) „ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ რექტორმა ჩემი დასჯის პროცედურა ფორმალურად "ამხანაგების": მღვდელ შალვა კეკელიას, მღვდელ ბიძინა გუნიას და გვანცა კოპლატაძის ტრადიციულ მონოლოგებზე დააფუძნა“ (11 თებერვალს გამართულ დისციპლინური საქმის წარმოების კომისიის სხდომაზე გოჩა ბარნოვმა დააკონკრეტა, რომ იგი „ამხანაგებს“ უწოდებს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მათი (გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, თბილისის სასულიერო აკადემიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივნის, დეკანოზ ბიძინა გუნიას, თბილისის სასულიერო აკადემიის სულიერი მოძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას და თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორის, ქალბატონ გვანცა კოპლატაძის) მოქმედება აგონებს მას (ბატონ გოჩა ბარნოვს) „ძველ ბოლშევიკურ გადმონაშთს“.

 

ბ) „ეს სხდომა წინასწარ იყო ორკესტრირებული, იქ შეკრებილნი იყვნენ ჩემს დასასჯელად და არც მეტი და არც ნაკლები პატრიარქისა და ეკლესიის მტრობას მაბრალებდნენ“.

 

გ) „სამეცნიერო საბჭოს რამდენიმე წევრმა პირადად შემატყობინა, რომ რექტორისაგან ამორჩეული რამდენიმე დოქტორანტი, ტელეფონით უკავშირდებოდა საბჭოს წევრებს. ზოგიერთ მათგანს ტელეფონშივე უკითხავდნენ მათ ზურგსუკან შედგენილ ახალ საბრალდებო ტექსტს და რექტორის სახელით მათგან დაჟინებით მოითხოვდნენ ფორმალურ თანხმობას“.

 

დ) „ამაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ აკადემიის რექტორს. ეს მისი სტილია, შავი საქმეები სხვისი ხელით გააკეთოს. ამ შემთხვევაში ასეთი ინსტრუმენტი სამეცნიერო საბჭოა. ამ უკანასკნელის წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას თეოლოგიის დოქტორის ხარისხი ტრადიციული პროცედურების გარეშე არაფორმალურ ვითარებაში აქვთ მინიჭებული. ისინი პირადად რექტორ ზვიადაძისაგან არიან დავალებულნი ამ ფსევდო აკადემიური ხარისხების და მასზე დაფუძნებული აკადემიური პოზიციების გამო. სამეცნიერო საბჭოს ზოგიერთი წევრი თავისი სპეციალობით გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ არ გააჩნია თეოლოგიური განათლება და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ხელშეწყობით მოიპოვეს თეოლოგიის დოქტორის ხარისხი. რექტორი გიორგი ზვიადაძე, როგორც ჩვევია მოურიდებლად ახსენებს ყველას, თუ ვინმესთვის რამე გაუკეთებია და მადლიერების სახელით მათგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს. სწორედ ამით აიხსნება, რომ პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე სამეცნიერო საბჭოს მართლაც რამდენიმე ღირსეულ წევრს აიძულა დავესაჯე ჩემი ფეისბუკ პოსტების გამო“.

 

საბჭომ ასევე იმსჯელა იმის შესახებ, რომ აკადემიაში საქმიანობის პერიოდში გოჩა ბარნოვმა არაერთგზის დაარღვია შრომითი დისციპლინა, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელის ზომები (სიტყვიერი გაფრთხილებები და საყვედური, რის გამოც მას ერთი წლით შრომითი ხელშეკრულებაც კი ჰქონდა შეწყვეტილი). ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, მან კვლავ განაგრძო მსგავსი ქმედებანი.

 

7 თებერვლის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე შექმნილმა კომისიამ შესთავაზა გოჩა ბარნოვს, წერილობითი სახით წარმოედგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება და გამოეხატა გულწრფელი სინანული მის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.

 

14 თებერვლის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე იყო მოლოდინი, რომ ბ-ნი გოჩა ბარნოვი წარმოადგენდა შესაბამის წერილობით ახსნა-განმარტებას და გამოხატავდა გულწრფელ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო. მან, მართალია, წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება და გამოხატა გარკვეული სინანული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო საკმარისი. აღსანიშნავია, რომ ბ-ნი გოჩა ბარნოვის ახსნა-განმარტება წარმოადგენდა პასუხს თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს 8 თებერვლის განცხადებაზე, თუმცა როდესაც იგი მოიწვიეს 14 თებერვლის საბჭოს სხდომაზე და წაუკითხეს 7 თებერვლის სამეცნიერო საბჭოს სხდომის შემდეგ მის მიერ გაკეთებული ახალი ცილისმწამებლური განცხადებები, ერთი მხრივ, იმის შესახებ, რომ საქართველოს საპატრიარქოსა და სასულიერო აკადემიას თითქოსდა „შიშის ზარს სცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი აქვთ“ და რომ თურმე ამის გამო „გადაემტერნენ“ გოჩა ბარნოვს, ხოლო მეორე მხრივ, იმის შესახებ, რომ თითქოსდა აკადემიის რექტორი „თავის შავ საქმეებს“ სხვისი, კერძოდ, სამეცნიერო საბჭოს ხელით ასრულებს, მან პასუხად, ნაცვად სინანულისა, განაცხადა, რომ არ აპირებდა მეტი ახსნა-განმარტების დაწერას, რითაც საერთოდ უარი თქვა ზემოხსენებულ ცილისწამებათა აღიარებაზე.

 

სამეცნიერო საბჭოს წევრებმა სრულიად დაუშვებლად და აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნიეს არა, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრის გამოთქმის ფაქტი, როგორც ამის წარმოჩენა ძალიან სურს ბ-ნ გოჩას, რომ ამ გზით საკუთარი თავი თავისუფალი აზრის გამოთქმის გამო დევნილად წარმოუდგინოს საზოგადოებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ის ცილისმწამებლური და უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმა აზრის გამოხატვისა, რასაც მისგან არაერთგზის ჰქონდა ადგილი.

 

საგანაგებოდ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ნებისმიერი ფორმა, მიმართული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა სინოდის, საპატრიარქოს, საქართველოს მთავრობის, საზოგადოების და თითოეული ადამიანის მიმართ აბსოლუტურად მიუღებელია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოსთვის.

 

აშკარაა, რომ ბოლო ხანებში განსაკუთრებით გაძლიერდა ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალების მხრიდან მცდელობა იმისა, რომ სხვადასხვა სახის ცილისმწამებლური განცხადებების გზით შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, რის გამოც თბილისის სასულიერო აკადემია იტოვებს უფლებას, საზოგადოებისადმი უდიდესი პატივისცემით, შესაბამისი პასუხი გასცეს ყოველ ამგვარ დეზინფორმაციას.

 

თბილისის სასულიერო აკადემიის ინიციატივით და შუამდგომლობით საზღვარგარეთ სწავლების კურსი დაასრულეს შემდეგმა სტუდენტებმა:

 

1. გოჩა ბარნოვი - ათენის უნივერსიტეტი (1998 - 2002);

 

2. ლევან ბუკია - ათენის უნივერსიტეტი (2004-2008);

 

3. ზაზა ეჯიბიშვილი (მამა მიქაელი) - ათენის უნივერსიტეტი (2007-2012);

 

4. ავთანდილ წერეთელი - ათენის უნივერსიტეტი (2007-2012);

 

5. ავთანდილ გიუნაშვილი - ათენის უნივერსიტეტი (2005-2010);

 

6. დიმიტრი ნაჭყებია - ათენის უნივერსიტეტი (1998 - 2002);

 

7. არკადი ხაჩიძე (მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი) - ათენის უნივერსიტეტი (1998 - 2002);

 

8. მღვდელი გიორგი ხაჩიძე - ათენის უნივერსიტეტი (1998 - 2002);

 

9. დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე - რომის რუსიკუმის უნივერსიტეტი (1996-1997);

 

10. სერგო ფარულავა - რომის უნივერსიტეტი (2000-2004);

 

11. თემურ ბუაძე - ფრაიბურგის უნივერსიტეტი (2000-2004);

 

12. დავით ჩანადირი - ლონდონის უნივერსიტეტი (2000-2004);

 

13. არქიმანდრიტი აბო ჩიჩუა - პარიზის სენ-სერჟის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი (2000-2004);

 

14. დეკანოზი ანდრია თოდაძე - შტუტგარდის უნივერსიტეტი (2000-2004);

 

15. დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი - კონსტანცას ოვიდიუსის სახ. უნივერსიტეტი (1999-2002);

 

16. სუბელიანი კობა - გერმანია (2000-2004).

 

17. ზაქრო ნათენაძე (2014-2018) - ათენის უნივერსიტეტი.

 

საზღვარგარეთ სწავლას აგრძელებენ შემდეგი სტუდენტები:

 

ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი:

 

1. ნინო საძაგლიშვილი

 

2. ნიკოლოზ ღონღაძე

 

3. დავით ნებიერიძე

 

4. კახაბერ უსუფაშვილი

 

5. თორნიკე მამნიაშვილი

 

6. ივანე შოშიაშვილი შამბეზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი: შამბეზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს:

 

7. საბა კევლიშვილი

 

8. იეროდიაკონი გაბრიელი (ნოდარ) ბარათაშვილი პარიზის სენ-სერჟის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი:

 

9. გრიგოლ კუბლაშვილი - დოქტორანტურა, III კურსი.

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საბჭომ, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, დაადგინა, რომ ბ-ნ გოჩა ბარნოვს შეუწყდეს აკადემიასა და სემინარიაში პედაგოგიური საქმიანობა მანამ, სანამ იგი არ გამოხატავს სათანადო სინანულს მის მიერ ჩადენილი ყველა ცილისმწამებლური მოქმედების გამო და არ მოითხოვს გულწრფელ პატიებას (რაც დადასტურდა საბჭოს წევრთა ხელმოწერებით). აქვე აღვნიშნავთ, რომ საბჭოს სამმა წევრმა, დეკანოზმა, პროფესორმა მიქაელ გალდავამ, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა გრიგოლ ხაჭაპურიძემ და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა თეა ბეჟუაშვილმა, ერთი მხრივ, სრულად გაიზიარეს აკადემიის საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია, რომ გოჩა ბარნოვის ზერმოაღნიშნული განცხადებები შეურაცხმყოფელია და ცილისმწამებლური საქართველოს ეკლესიის, საპატრიარქოს, აკადემიის რექტორის და აკადემის სამეცნიერო საბჭოს მიმართ, თუმცა, მეორე მხრივ, გამოთქვეს აზრი, რომ გოჩა ბარნოვისადმი დისციპლინური სახდელის ზომად გამოყენებული იყოს მხოლოდ უკანასკნელი საყვედური“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი ამბობს, რომ არ ეთანხმება ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს, ვინაიდან მიღებამდე დოკუმენტის შინაარსი მისთვის უცნობი იყო.

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ფილარეტმა უკრაინული ინტელიგენციის ფორუმზე განაცხადა.

 

„ჩვენ ამ ტომოსს არ მივიღებთ, ვინაიდან მისი შინაარსი არ ვიცოდით. ტომოსის შინაარსი რომ გვცოდნოდა, 15 დეკემბერს ავტოკეფალიას მხარს არ დავუჭერდით. ჩვენ ერთი დაქვემდებარებიდან მეორეში გადასვლა არ გვსურს. მოსკოვის საპატრიარქო მოსკოვის ინტერესებს ემსახურება, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - ბერძნებს. ვინ უნდა ემსახუროს უკრაინას?“ - განაცხადა ფილარეტმა.

 

მისივე თქმით, უკრაინული ეკლესია მოსკოვისა და კონსტანტინეპოლისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს.

 

2018 წლის ნოემბრის ბოლოს კონსტანტინეპოლმა უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა. გადაწყვეტილება სტამბოლში გამართული მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიიღეს.

 

11 ოქტომბერს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე მას შემდეგ, რაც ის შეიქმნება. პასუხად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეწყვიტა ურთიერთობა მსოფლიო პატრიარქთან.

 

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა. 15 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინეპოლის პატრიარქთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

 

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღიარების ტომოსი 6 იანვარს გადასცა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მამა გიორგი მამალაძის სკანდალური წერილის გასაჯაროებით ეკლესიის ავტორიტეტის შელახვის საშიშროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ფაქტს დამაზიანებელი ეფექტი ექნება მთლიანად ქვეყნისთვისაც. თუმცა, პირველ რიგში მეუფის აზრით, წერილის სააშკარაოზე გამოტანით ხელი შეეშლება მსჯავრდებულ დეკანოზის შესაძლო შეწყალებას და ეკლესიის შუამდგომლობის პროცესს. მეუფე გრიგოლი თვლის, რომ მამალაძის საქმეზე აუცილებელია სინოდის წევრებმა იმსჯელონ.

 

გუშინ პატრიარქის სამდივნომ პატიმარი მღვდლის შეწყალებაზე საგანგებო ბრიფინგზე უარი თქვა და განმარტა, რომ დეკანოზი ეკლესიას აშანტაჟებს. ამის მიზეზად კი მამა გიორგი მამალაძის სკანდალური წერილი და მისი ძმის პროტესტის ფორმა დასახელდა.

 

"თუ ეკლესიის ავტორიტეტი ჩამოგვეშალა ეს საფრთხეს შეუქმნის თვითონ ქვეყნის სტაბილურობას და მე ვფიქრობ სახელმწიფოებრიობასაც კი. ვილოცოთ იმისთვის რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობა გამოსწორდეს. თუ დამძიმდა ეს ისევ გამოყენებული იქნება ეკლესიის საწინააღმდეგოდ,"-აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.

ეს არის შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინება, რომ საქართველოს ეკლესიას აიძულონ, მიიღოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სასურველი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ილარიონ ალფეევის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

 

როგორც მიტროპოლიტმა გრიგოლმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სჯერა, რომ საქართველოს ეკლესია გონივრულ, კანონიკურ სამართალზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

„ეს არის შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინება, რომ საქართველოს ეკლესიას აიძულონ, მიიღოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სასურველი გადაწყვეტილება. ალფეევი არაა კერძო პირი. ჩათვალეთ, რომ მან გაახმოვანა რუსეთის ეკლესიის პოზიცია ამ სიტყვებით. ეს საკითხი არაა დახურული, მსჯელობის პროცესი გრძელდება, იხარშება. არა მხოლოდ ჩვენთან, სხვა ეკლესიებშიც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მჯერა, რომ საბოლოოდ მივიღებთ გონივრულ, კანონიკურ სამართალზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეუწყებს ხელს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი დიდი სქიზმის განვითარებას“, - აცხადებს მეუფე გრიგოლი.

 

მიტროპოლიტი გრიგოლი ყურადღებას ამახვილებს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის პოლიტიკურ შემადგენელზე და ამბობს, რომ მასში სახიფათო ნაღმებია დამალული.

 

„ამ საკითხში იმდენად ძლიერია პოლიტიკური შემადგენელი, რომ რელიგიურს ტოლს არ უდებს. იქნებ, საზოგადოების აზრი შეგვესწავლა და ის გაგვეზიარებინა? ეს თემა იმდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია, მისი გავლენა აისახება არა მხოლოდ ეკლესიის ცხოვრებაზე, არამედ, ზოგადად, ქვეყნის ცხოვრებაზე. მით უმეტეს, ჩვენი სახელმწიფოს სპეციფიკის გათვალისწინებით, სადაც ეკლესიას ძალიან ძლიერი პოლიტიკური გავლენა აქვს. უნდა ვივარაუდოთ, რომ სამომავლო სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს ეს გადაწყვეტილება, რომელმაც, შეიძლება, საქართველო დააბრუნოს იმ წიაღში, საიდანაც გამოვედით, მაგრამ ბოლომდე არ დაგვიღწევია თავი. ესაა საბჭოთა მენტალიტეტის, საბჭოური ისტორიის წიაღი. ჩვენ დამოუკიდებელი ვართ პოლიტიკურად, მაგრამ ეს პროცესია. ბოლომდე არ ვართ წარსული გავლენებისგან თავისუფალი“,- აცხადებს მიტროპოლიტი გრიგოლი.

 

მისივე განცხადებით, „რუსეთი, თუ საჭიროდ ჩათვლის, ჩაერევა ამ საკითხში, მისი ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

„თუმცა, ამ საკითხის დაკავშირება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან არ იქნებოდა სწორი, რადგან რუსეთის ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება იქცეს ჩვენი პოზიციების განმაპირობებლად. ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ, თუ კონიუნქტურის მხარეს? ერთია სიფრთხილე, მაგრამ ეს ტერიტორიები, ფაქტობრივად, არ კონტროლდება საქართველოს მიერ. იქ რუსული ჯარი დგას და ვიდრე ეს ასეა, მე არაფერ განსაკუთრებულ სიკეთეს არ ველი საქართველოსთვის“,- აცხადებს მიტროპოლიტი გრიგოლი.

 

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ილარიონ ალფეევმა, დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ „საქართველოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, რადგან თბილისში კარგად ესმით, რა ემუქრება საქართველოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში“.

ერაყში ქალაქ ერბილიას არქიეპარქიამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს ქრისტიანების დაცვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გადაშენების პირას არიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

მღვდელი ბაშარ ვარდა ლონდონში სიტყვით გამოდიოდა, სადაც თქვა, რომ ერაყელი ქრისტიანები 1400-წლიანი დევნის შემდეგ გაქრობის პირას დგანან. მისი თქმით, ერაყში ქრისტიანების რაოდენობა 83%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც 2003 წელს იქ აშშ-ის ჯარი შევიდა.

 

„ერაყში ქრისტიანული ეკლესია ერთ-ერთი უძველესი მოვლენაა და შეიძლება ყველაზე ძველიც. ვინც დარჩება, წამებისთვისაა განწირული“, - განაცხადა ვარდამ.

 

მისი თქმით, ქრისტიანების წინააღმდეგ ყველაზე მეტად ჯიჰადისტები იბრძვიან და მღვდლის თქმით, ბრიტანეთი ამას ხმამაღლა ვერ აცხადებს.

შეწყალების შუამდგომლობას იმ შემთხვევაში ვაყენებთ, თუკი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოში მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, შეუძლებელია საპატრიარქოს ემუქრებოდე და მეორე მხრივ, მისგან შეწყალების შუამდგომლობას ითხოვდე.

 

„ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთდროულად ემუქრებოდე და, მეორე მხრივ, მას შეწყალების შუამდგომლობას სთხოვდე. ან ერთი გზით შეგიძლია განავითარო მოვლენები, ან - მეორე გზით. საპატრიარქომ თქვა, რომ შეწყალების შუამდგომლობას იმ შემთხვევაში ვაყენებთ, თუკი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს და შენდობას თხოვს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

თავის მხრივ, შეწყალების საკითხზე საუბარია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

 

„სამწუხაროდ, მამა გიორგი მამალაძეც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას.

 

რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს. ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი უკრაინის მხრიდან საქართველოს პოზიციაზე ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისა და არაღიარების შემთხვევაში, ამ ეტაპზე პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ კლიმკინმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც კლიმკინი ამბობს, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება საქართველოს მხრიდან მხოლოდ დროის საკითხია. „საქმე ისაა, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. გვჯერა, რომ თანდათან მოვიპოვებთ აღიარებას ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. ვინც ახლა ამბობს, რომ ეს რთულია, შეუძლებელია ან შესაძლებელია, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მათ აღიარებასაც მივიღებთ და რა თქმა უნდა, მათ შორისაა საქართველოს ეკლესიაც. მახსოვს, ჩემი შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია II -სთან. ეს ძალიან თბილი და ადამიანური შეხვედრა იყო და მან თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისი ავტოკეფალური ეკლესია. მითხრა: „აქამდე თქვენ უნდა მიხვიდეთ, მაგრამ ამისთვის უნდა იბრძოლოთ“, - განაცხადა კლიმკინმა.

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

 

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2002 წლიდან მიმდინარეობს. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით, ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება.

 

შემდეგი ეტაპი მონასტრისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წარმომადგენლები მიიღო.

 

როგორც საპატრიარქოს ვებ–გვერდზეა აღნიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს (პაკანიჩი) და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა. მიღებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრები და სამღვდელოება ესწრებოდა.

 

„შეხვედრა არაოფიციალური იყო და სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და მათი პოზიციის ჩვენთვის გაცნობა. ითქვა, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ სხვადასხვა ტაძრებსა და რეგიონებში ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის ეკლესიების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაც დიდ დაპირისპირებას ქმნის მრევლში და სასულიერო პირებთან მიმართებაში. მისმა უწმინდესობამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი შექმნილი სიტუაციის გამო. ამასთან, მოუწოდა ლოცვის გაძლიერებისკენ, რათა ღვთის მადლით დაიძლიოს პრობლემა და მართლმადიდებელთა ერთობა შენარჩუნდეს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

რომის პაპმა ფრანცისკემ აღიარა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში მონაზონი ქალები მღვდლების მიერ ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ და ეს პრობლემა დღეისთვისაც არსებობს, - ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

 

პაპის განცხადებით, ცნობილია შემთხვევა, როდესაც მღვდლებს მონაზონი ქალები სექსუალურ მონობაშიც ჰყავდათ. პონტიფიკოსის განცხადებით, მისი წინამორბედი ბენედიქტე მე-16 იძულებული გახდა, ერთი მონაზვნური კონგრეგაცია სწორედ იმის გამო გაეუქმებინა, რომ იქ მონაზონ ქალებზე მუდმივად ხდებოდა სექსუალური ძალადობა.

 

გამოცემის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს განცხადება ეკლესიის პირველი ოფიციალური აღიარებაა. პაპის თქმით, კათოლიკური ეკლესია ცდილობს იპოვოს გამოსავალი ამ პრობლემიდან, მაგრამ ძალადობის შემთხვევები კვლავაც მეორდება.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Сентябрь 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?