ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლას, სადაც პატრიარქის ბრძანებით განმწესდა, არ აპირებს.

 

შესაბამისი განცხადება მეუფე პეტრემ ეპარქიის ახალ ხელმძღვანელ მიტროპოლიტ გრიგოლ კაციასთან, სხვა სასულიერო პირებსა და მრევლთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

როგორც პეტრე ცაავა აცხადებს, მან ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის დათმობა ითხოვა.

 

„შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი დამითმონ, სადაც ვიქნები. დაველოდები პასუხს და მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ სად ვიქნები,“ - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

 

ამასთან, პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მას მიტროპოლიტი გრიგოლ კაციასთვის, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას მის ნაცვლად უხელმძღვანელებს, ეპარქიის გადაბარების პრობლემა არ ჰქონია.

 

„მე მარტივად დავთმე გუშინაც ეს მდგომარეობა. შეფასებაზე, იგივე აზრზე ვრჩები, მაგრამ გადაბარებასთან მიმართებაში პრობლემა რომ მქონოდა, მაშინ წავიდოდი კომპრომისზე,“ - აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ და კითხვაზე: რა გეგმა ექნება მომავალში, დასძინა, რომ „გონივრული მოქმედების გეგმა ექნება“.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.