ჭყონდიდის ეპარქიის ახალი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლის განცხადებით, ამავე ეპარქიის სასულიერო პირებს, ვისაც სურვილი აქვთ, ეპარქიაში დარჩებიან. როგორც მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე პეტრე მას ეპარქიის გადაბარებაში დაეხმარება.

 

„ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი რჩება. გვეხმარება გადაბარებაში. ამ ეპარქიაში ძალიან ბევრია გაკეთებული, კიდევ უნდა გაკეთდეს და ჯერ რჩება. დაასრულოს მშენებლობა. მამებსა და დებს თუ სურვილი აქვთ, დარჩებიან. დასჯილი არავინ იქნება. აქ, ყველა დროებით ვართ და სოხუმში, ოჩამჩირეში დაბრუნებისთვის ვემზადებით“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირების განცხადებას, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ „ნერვიულობენ, ზოგი არის მეუფის გაზრდილი და ძალიან განიცდის, მაგრამ ბერის საქმე მორჩილება და სულიერი აღზრდაა.

 

„ახლა შევხვდი სასულიერო პირებს. არავინ მიდის“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

ამასთან, მან ჟურნალისტებთან ისაუბრა მის ბიოგრაფიაზე და თქვა, რომ პროფესიით ექიმია, ხოლო განათლება რუსეთში მიიღო.

 

„დავიბადე სოხუმში. 2 წლის ვიყავი, როცა რუსეთში წამიყვანეს. მამაჩემი ექიმია, სისხლძარღვთა ქირურგია. ქალაქ საროვში გავიზარდე, სოხუმში ზაფხულობით ჩავდიოდი. 14 წლის ასაკში საავადმყოფოში, საოპერაციოში დავიწყე მუშაობა. მერე ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში, ორდინატურა, ასპირანტურა... 27 წლის ასაკში კანდიდატი ვიყავი, 30 წლის ასაკში დოქტორი, 33 წლისამ რუსეთში მოღვაწეობა დავამთავრე და ჩამოვედი საქართველოში. აქ, 2005 წელს ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში, 5 წელი ვისწავლე და მერე, 2010 წელს ბერად აღვიკვეცე. მაკურთხეს დიაკვნად, მღვდლად. 2013 წელს უკვე ეპისკოპოსად მაკურთხეს, შემდეგ გადამიყვანეს რთულ ეპარქიაში, წალკაში და შემდეგ ახლა, კრიზისულ სიტუაციაში გადმომიყვანეს აქ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.

 

ამასთან, მისი თქმით, პარალელურ რეჟიმში წალკის ეპარქიაშიც ივლის.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ახლა ისევ ინარჩუნებს, თუ არა რუსულ კავშირებს, მეუფე გრიგოლ კაციამ უპასუხა, რომ „საპატრიარქოსთან არა და ექიმებთან მეგობრობს.

 

მეუფე გრიგოლის თქმით, ჭყონდიდის ეპარქია დიდი ეპარქიაა, რომლის გადაბარებასაც შესაბამისი დრო სჭირდება.

 

„ბევრი მონასტერი და ბევრი მეურნეობაა. მე არ ვარ არც ეკონომისტი და არც იურისტი. მეუფეს, უბრალოდ, ეს საქმე ეხერხება. გადაბარებას დიდი ხანი სჭირდება“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

 

მან ასევე უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა სურვილი, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან ერთად დარჩეს.

 

„მე მარტო ვერ შევძლებ. მე ვთხოვ, რომ მეუფე დარჩეს აქ“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლ კაციამ.

 

მეუფე გრიგოლის განმარტებით, ჭყონდიდის ეპარქიაში პირველ წირვას კვირას ჩაატარებს.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.