ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ეპარქია დატოვა. ყოფილმა მიტროპოლიტმა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მოილოცა, რის შემდეგაც ეპარქია დატოვა. მეუფე პეტრესთან ერთად ეპარქია დატოვა ხუთმა მონაზონმა.

 

„სადაც იქნება მეუფე პეტრე, იქ ვიქნებით ჩვენც“ , - განაცხადა იღუმენია თამარ გამყრელიძემ.

 

ამასთან, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ინჩხურის ტაძარი დატოვა წინამძღვარმა ანდრია სარიამ.

 

ჭყონდიდის ეპარქიიდან წასვლამდე მეუფე პეტრემ პრესკონფერენცია გამართა. მას ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია, სად გააგრძელებს სასულიერო საქმიანობას.

 

„მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

მისი თქმით, ახლა ან თავად უნდა დაისაჯოს ცილისწამებისთვის ან მის მიერ წაყენებული ბრალდება უნდა დამტკიცდეს კანონიკური სამართლის მიხედვით. მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერი სასჯელისთვის.

 

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა 31 ოქტომბერს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. „სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე“, - ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.