რა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას.

 

„სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

 

მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა.

 

„ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ცერცვაძე.

 

საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 21 ადამიანი განიკურნა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.