Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

„ევროპული საქართველო“ არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ბაქრაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

 

„თუ დაჯდება სურათი, რომელსაც აჩვენებს კვლევა, იქნება მეორე ტური და მასში მონაწილეობას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მას დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა დაბით ბაქრაძემ.

 

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ, არჩევნებში დამარცხება აღიარა.

მე ძალიან მოხიბლული ვარ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი სამშობლოში დაბრუნების და ევროპულობის სიმბოლოა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გასაკიცხია ყველა, ვისაც ზურაბიშვილის ქართველობაში ეჭვი შეაქვს.

 

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას, ივანიშვილმა თამარ მეფის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ქართველების ქალბატონებისადმი დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს.

 

„ცოტა განაწყენებული ვარ, რომ სცენაზე არ ამიშვეს. ვისურვებდი, რომ კვირას არავითარი ექსცესი არ იყოს, არჩევნები ჩატარდეს ძალიან ლამაზ ფორმებში და ქალბატონი სალომეს პირველივე ტურში მიეღოს ის, რასაც იმსახურებს. ამის დიდი ალბათობაა. ძალიან ამაჩუყებელი იყო ჩემთვის, როცა მისმა შვილმა სცენაზე ცრემლები ვერ შეიკავა. ზოგიერთი ვაი ქართველი ეჭვს გამოთქვამს ქალბატონი სალომეს აქცენტზე, რომ ის ქართველი არ არის. სწორედ მის აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი.

 

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქართველია წასული ემიგრაციაში და ყველა კარგად გაიგებს, რამდენად რთულია უცხო სკოლაში მოსიარულე შვილს შეუნარჩუნო ქართული ენა. ძალიან რთულია - ეს იქნება საფრანგეთში, ამერიკაში, ინგლისში თუ სხვაგან, სადაც გნებავთ. ქალბატონი სალომეს ემიგრაციაში დაბადებაც, ცხოვრებაც იყო იძულებითი. მისმა მშობლებმა ეს შეძლეს. მე ძალიან მოხიბლული ვარ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს. გასაკიცხია, ვინც ეჭვს გამოთქვამს მის ქართველობაში.

 

ქალბატონი სალომე სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოა, ჩვენი ევროპულობის სიმბოლოც. ჩვენ პირველ პრეზიდენტს ავირჩევთ ქალბატონს. თამარ მეფე, რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიის ხიბლია, რომ ჩვენ შორეულ ისტორიაში ვახერხებდით ქალბატონებზე ის დამოკიდებულება გამოგვეხატა, რაც დღესაც კარგად გამოიხატება ყველა ქართულ ოჯახში. სიმბოლოებიც ბევრი გვაქვს ამის. არ დაიბნეთ, დაივიწყეთ სიძულვილის ენა. სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონკურენტებს თავიდანვე შესთავაზა ღირსეული, ევროპული საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის წარმართვა, თუმცა ოპონენტების პასუხი იყო არაევროპული და არაქართული.

 

„რამდენიმე დღეში დასრულდება საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და საფუძველი ჩაეყრება ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას, სისტემას, სადაც პრეზიდენტი არის ზეპარტიული თანამდებობის პირი და ხიდი საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის. ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ“. სალომე ზურაბიშვილმა კონკურენტებს თავიდანვე შესთავაზა ღირსეული, ევროპული საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის წარმართვა, თუმცა ოპონენტების პასუხი იყო არაევროპული და არაქართული. ევროპელობა და ქართველობა გულისხმობს ღირსების პატივისცემას, ქალის პატივისცემას, ამის საპირისპიროდ ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ უღირსი, სიყალბე, აგრესია და სიძულვილი ოპონენტების მხრიდან. მხოლოდ ძლიერ ქალბატონს შეეძლო მოთმინებით ეპასუხა ოპონენტების მორალური სისუსტისთვის. ამგვარი კამპანიით მან აჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქართული პოლიტიკა და ქართული პოლიტიკური კულტურა მომავალში. მან წარმართა ჭეშმარიტად ევროპული სტილის საარჩევნო კამპანია, რითაც დაამტკიცა, რომ ის იქნება ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე არჩევნებში დამარცხებას აღიარებს და თავის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

 

ბაქრაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.

 

„ჯერჯერობით არ ვიცით არჩევნების საბოლოო შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, ეგზიტპოლები საკმარისად აჩვენებს სურათს იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ. პირველი გახლავთ ის, რომ „ევროპული საქართველო“ და მე პირადად ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ როგორც ეგზიტპოლები აჩვენებს, ამ არჩევნებზე ამ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ გავზარდეთ მხარდამჭერების ბაზა, ამ არჩევნებზე ჩვენი ხმები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე ეს იყო 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის, რაშიც თავისი როლი ითამაშა ბევრმა ფაქტორმა. ეგზიტპოლები ადასტურებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და მე ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც არის ამ არჩევნებზე გამარჯვება. თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მადლობა მინდა ვუთხრა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

"ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, რომელიც "BCG ReaserCh“-მა ჩაატარა, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა გრიგოლ ვაშაძე, მეორეზე - სალომე ზურაბიშვილი, მესამეზე კი დავით ბაქრაძე. შესაბამისი მონაცემები პარტიაში რამდენიმე წუთის წინ წარმოადგინეს.

 

უფრო კონკრეტულად, ეგზიტპოლების შედეგებით, გრიგოლ ვაშაძეს მხარი ამომრჩეველთა 37%-მა, სალომე ზურაბიშვილს - 34%-მა, დავით ბაქრაძეს კი 17%-მა დაუჭირა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად, საერთო ჯამში, 875 ამომრჩეველი დარეგისტრირდა, თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა კი 28 ოქტომბერს, 20:00 საათის შემდეგ იქნება ცნობილი.

 

“დღეს, ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე იმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. კერძოდ, ბაგრამისა და მაზარის შარიფის სამხედრო ბაზებზე. საერთო ჯამში, ორივე ბაზაზე რეგისტრირებულია 875 ამომრჩეველი. აღსანიშნავია, რომ დღეს სრულდება მხოლოდ კენჭისყრის პროცედურები. მას შემდეგ, რაც ხმის მიცემის პროცესი დასრულდება, ყველა დოკუმენტაცია შესაბამისი წესით დაილუქება, მათ შორის სპეციალური კონვერტები, რომელშიც მოთავსებულია ბიულეტენები და საქართველოში გამოიგზავნება. 28 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მას შემდეგ, რაც მთელ საქართველოში ხმის მიცემის პროცესი დასრულდება, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ავღანეთის 2 უბნის ბიულეტენების დათვლა მოხდება და შესაბამისად, თითოეულმა კანდიდატმა რა რაოდენობის ხმები მიიღო, ცნობილი იქნება მხოლოდ 28 ოქტომბერს, 20:00 საათის შემდეგ”,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

მისივე თქმით, ავღანეთის საარჩევნო ბაზებზე ორი სპეციალური ჯგუფია გაგზავნილი, რომლებშიც შედიან ცესკო-ს მიერ არჩეული პირები და ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები.

 

“რაც შეეხება დამკვირვებლებს, ისინი არ იმყოფებიან, თუმცა ერთ-ერთ ბაზაზე რეგისტრირებულია საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი”, - აღნიშნა ცესკო-ს სპიკერმა.

როგორი გამყალბებლებიც არიან არჩევნების, ისეთი გამყალბებლები არიან კვლევების,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, „ქართული ოცნების" ახალი კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

 

„ამაზე არსებობს ზრდილობიანი და ძალიან ზრდილობიანი პასუხი. ზრდილობიანი პასუხი არის ის, რომ როდესაც შულერებთან გაქვს საქმე, უნდა იცოდე, რომ შულერებს ყოველთვის დანიშნული ბანქოს დასტა უდევთ ჯიბეში. ძალიან ზრდილობიანი პასუხი არის ის, რომ როგორი გამყალბებლებიც არიან არჩევნების, ისეთი გამყალბებლები არიან კვლევების. ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება და ნორმალური ხელისუფლების პირობებში ამის გამკეთებლები დაისჯებოდნენ სასტიკად",- განაცხადა ვაშაძემ.

 

პარტია „ქართული ოცნება“ სოციოლოგიური კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 54 %-იანი მხარდაჭერით არჩევნებს პირველივე ტურში იგებს. მორიგი კვლევის შედეგები საზოგადოებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააცნო.

სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ და მოვუწოდოთ, რომ სიძულვილის ენა დაივიწყონ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განუცხადა.

 

ივანიშვილის თქმით, ყველა უნდა გაერთიანდეს ქვეყნის წინსვლისთვის.

 

„არ დაიბნეთ, დაივიწყეთ სიძულვილის ენა. ძალიან კარგი რამ თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ - სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ და მოვუწოდოთ, რომ სიძულვილის ენა დაივიწყონ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, ყველას მხარი მივცეთ, გავერთიანდეთ და მხოლოდ ამით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და წინსვლას,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

კანდიდატი, რომელსაც ქალბატონი სალომეთი მიმართავთ და რომელიც ალბათ, კვირას ქალბატონი პრეზიდენტი იქნება, ჩვენთვის ყოველთვის დარჩება უბრალოდ დედად, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თემურ გორჯესტანმა სპორტის სასახლეში, ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილის ვაჟმა მის ოჯახს მადლობა გადაუხადა, რადგან სცენაზე იდგა და ქართული ენის თარჯიმანი არ დასჭირდა.

 

„მე და ქეთევანი ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას, ეს იმიტომ, რომ ჩვენთვის განსაკითრებული მომენტია. კანდიდატი, რომელსაც ქალბატონი სალომეთი მიმართავთ და რომელიც ალბათ, კვირას ქალბატონი პრეზიდენტი იქნება, ჩვენთვის ყოველთვის დარჩება უბრალოდ დედად. ეს მიმართვა - „დედა“ არის სიმბოლო, რადგან ეს სიტყვა ჩვენთვის იყო კავშირი ამ შორეულ საქართველოსთან. ეს არის ჩვენი მშობლების დამსახურება, რომ პირველი ენა ყოფილიყო ქართული. ჩვენ დღეს გვინდოდა მადლობა გადაგვეხადა დედასთვის, მამასთვის, ბებოსთვის და ჯანრისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ თარჯიმანი არ გვჭირდება. ამაყად გესაუბრებით ქართულ ენაზე, რადგან ეს ახასიათებს ჩვენი ოჯახის მიერ ქართული ენის დაცვას“, - განაცხადა ზურაბიშვილის ვაჟმა.

 

ის გამოეხმაურა წინასაარჩევნო კამპანიას და განაცხადა, რომ დედამისისთვის მიყენებული შეურაცხყოფა მიუღებელი და არაქართული ქმედება იყო.

 

„ის, რაც მიმდინარეობდა ამ კამპანიაში დედის მიმართ, ქალის მიმართ, გარდაცვლილი ბებიის მიმართ - მიუღებელია. ეს შეურაცხყოფა იყო სრულიად არაქართული ქმედება. მე შეიძლება შეცდომას ვუშვებ ქართულ ენაში, მაგრამ ქართველობას არასოდეს დავარღვევ. ჩვენი ოჯახის მიერ საქართველოს დაცვა ნიშნავდა მოვალეობას, ეს იყო ვალდებულება ბაბუაჩემის, როცა უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე. მა სურდა დარჩენილიყო ქართველად. ასე დაიბადა და ქართველ ლტოლვილად გარდაიცვალა. ეს ახლა დედაჩემის მოვალეობაა. როცა დედაჩემმა ქართულ პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვიტა, 2006 წელს, მთელი ოჯახი ვეხვეწებოდით, რომ საფრანგეთში დაბრუნებულიყო, რათა მისი ფიზიკური უსაფრთხოების გვეშინოდა. გვეშინოდა, რადგან საქართველოში პოლიტიკა იყო საშიში. ამ თხოვნაზე დედაჩვენმა გვიპასუხა, რომ ბრძოლა მისი ვალდებულება იყო და პარიზში ჩამოსვლა იქნებოდა სამშობლოს მიტოვება. სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს ხიდი თბილისიდან ბრიუსელამდე, თბილისიდან პარიზამდე და თბილისიდან ლონდონამდე. ჩვენ, როგორც დაბადებულები საფრანგეთსა და ამერიკაში ვვოცნებობთ იმაზე, რომ ევროპული და დასავლური ღირებულებები განვითარდეს საქართველოში. ადამიანის უფლებების დაცვა და თავისუფლება, დამშვიდებული პოლიტიკური შეჯიბრება არის მნიშვნელოვანი. დღეს ვფიქრობთ ბებიაზე და ბაბუაზე, ისინი ჩვენთან არიან. დრო მოვიდა ჩვენთვის, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა. პირობას გაძლევთ, დაგიცავთ ყველას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილის შვილმა სიტყვით გამოსვლისას.

წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ შეიმჩნევა და ჭარბობს სიძულვილის ენის არსებობა, განსაკუთრებით, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში მუნხტუია ალთანგერელმა ჟურნალისტებს საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგების წარდგენამდე განუცხადა.

 

მისივე განცხადებით, სატელევიზიო ინფორმაციის ხარისხი საკმაოდ გაზრდილია და პრეზიდენტობის კანდიდატები შუქდება დაბალანსებულად.

 

"გაერო-ს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი 2010 წლიდან ახორციელებენ საარჩვენო პროგრამების მედიამონიტორინგს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის როგორც თავისუფალი მედიის, ასევე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ამ კონკრეტულ მედიამონიტორინგთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ძალიან დადებითი ტენდენციაა ის, რომ ყოველ არჩევნებთან დაკავშირებით მედიის პროფესიონალიზმი საქართველოში იზრდება და არჩევნების გაშუქება ხდება უფრო პროფესიონალური და უფრო დაბალანსებული. საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა როგორც შინაარსის, ასევე გაშუქების ტექნიკის თვალსაზრისით. პრობლემა, რომელიც რჩება განსაკუთრებით ბეჭდურ და ონლაინ მედიაში არის სიძულვილის ენის არსებობა, რომელიც კვლავაც შეიმჩნევა და ჭარბობს. ასევე, სატელევიზიო ნიუსების ხარისხი არის საკმაოდ გაზრდილი და პრეზიდენტობის კანდიდატები შუქდება საკმაოდ დაბალანსებულად, მაგრამ ისევ ვერ ვხვდებით ვერც ერთ მედიაში საარჩევნო პროგრამების სიღრმისეულ ანალიზს. ეს იქნება ძალიან კარგი და არის ასევე განვითარების შესაძლებლობა ქართული მედიისთვის. მოხარული ვიქნებით ასეთ განვითარებას მომავალში დავუჭიროთ მხარი როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების კუთხით",- განაცხადა მუნხტუია ალთანგერელმა.

 

ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედურ შედეგებს წარადგენენ. ანგარიშში არის როგორც სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის შედეგები, ასევე ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგიც.

მე მჯერა ამ ქვეყნის, მე დავბრუნდი ამ ქვეყანაში და დავბრუნდი არაერთხელ. სულ ვბრუნდები. ჯანრი მეძახდა ბუმერანგს, შენ რომ გაგწევენ, მაინც ბრუნდებიო. დავბრუნდი სრულყოფილად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სპორტის სასახლეში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 

მან მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას, მხადამჭერებს, რომლებიც „ ამ ცუდი კამპანიის დროს“ მხარში ედგნენ. ზურაბიშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი რეგიონების განვითარება იქნება.

 

„მინდა, დიდი მადლობა მოვახსენო პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, აქტივისტებს. ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა ამ კამპანიის დროს, ამ ძალიან ცუდ და ზოგჯერ, ძალიან ბინძური კამპანიის დროს. მე ვიცი, რომ ზოგიერთი თქვენგანისთვის ალბათ არ იყო მარტივი, რომ სხვა კანდიდატისთვის დაგეჭირათ მხარი, ასე აქტიურად. კანდიდატი, რომელიც თქვენი პარტიის წევრი არ იყო, თქვენი პარტიიდან არ იყო გამოსული. მინდა, არამხლოდ მადლობა გადაგიხადოთ ამისათვის, ამით ქართულ დემოკრატიაში ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგით. მინდა, მადლობა მოგახსენოთ ამ ბოლო დღეებისათვის, როცა იქნება კიდევ უფრო ძნელი და ალბათ, ასევე არაპირდაპირი და არასუფთა ბრძოლა. ვიცით, როგორ მიდის ამ ბრძოლაში ჩვენი ზოგიერთი კონკურენტი და ამიტომ არაფერი გაგვიკვირდება. გავივლით ამ დღეებსაც და გავივლით გამარჯვებით. ამაში დარწმუნებული ვარ. დავითვალე, ეს არის ჩემი 99-ე გამოსვლა. მოვიარეთ რეგიონები. ერთმა კონკურენტმა დაითვალა 40 000 კილომეტრი, არ ვიცი, როგორ შეძლო, იმიტომ, რომ ჩვენ მოვიარეთ 14 200 კმ და არ გავჩერებულვართ. ასე, რომ არ ვიცი, როდის დადიოდა ის, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება. ვიცი, რომ აქ ბევრნი არიან, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. რომლებიც შეიძლება იქ ვნახე და უკვე მომისმინეს. დღეს აქ არიან და მინდა ორმაგად მადლობა გადაგიხადოთ იმიტომ, რომ რეგიონებში ბრძოლა კიდევ სხვა რამე არის. მინდა გითხრათ ის, რაც ადგილზე გითხარით, რომ ხვალინდელი საქართველო რეგიონებში შენდება. რეგინების წამოწევის გარეშე ხვალინდელი თანამედროვე საქართველო ვერ იქნება. მე ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც სასახლიდან გავა და ჩავა რეგიონებში. თქვენთან ერთად რეგიონებში ვეცდებით, რომ მოვნახთ ის ახალი გზები, ინიციატივები რომელიც იქნება სათავეში იმ გაცოცხლების, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის და მომავლისთვის აუცილებლობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

საპრეზიდენტო კანდიდატის განმარტებით, ის ქვეყანაში გამარჯვებისათვის იმედიანად დაბრუნდა.

 

„მე მჯერა არამხოლოდ რეგიონების, მე მჯერა ამ ქვეყნის, მე დავბრუნდი ამ ქვეყანაში და დავბრუნდი არაერთხელ. სულ ვბრუნდები. ჯანრი მეძახდა ბუმერანგს - შენ რომ გაგწევენ, მაინც ბრუნდებიო. დავბრუნდი იმიტომ, რომ მჯერა ამ ქვეყნის. დავბრუნდი სრულყოფილად, ანუ მივატოვე საფრანგეთის მოქალაქეობა, რაზეც ვფიქრობ, რომ არ იყო მარტივი, რადგან ძალიან ბევრი სამადლობელი მაქვს საფრანგეთისათვის. ყველაფერი ის, რაც გაკეთდა საქართველოსთვის საფრანგეთის მიერ და ასევე კეთდება დღეს. მე ძალიან ბევრი ახლანდელი ემიგრანტი ვიცი თუ რამდენ დახმარებას იღებენ თუნდაც ჯანდაცვის კუთხით. ზოგიერთი არალეგალურად ჩადის და მაინც იღებს ძალიან სერიოზულ დახმარებას. ამიტომ, ამისათვის მადლობელი უნდა ვიყოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატს, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკური გუნდის, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სპორტის სასახლეში, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

კალაძე დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილი იქნება სამაგალითო პრეზიდენტი არა მარტო რეგიონში, არამედ თავის წვლილს შეიტანს ევროპის პოლიტიკაშიც, დადებით როლს ითამაშებს რუსეთთან ურთიერთობაში და იქნება საერთო სახალხო პრეზიდენტი, იქნება მედიატორი პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.

 

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი ძალიან მნიშვნელოვანია. საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. დაგეგმილი კეთილდღეობის მისაღწევად, დღეს სწორი მიზნების დასახვა, სწორი არჩევანის გაკეთება და მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.

 

ჩვენი ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას - ირგვლივ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, ოკუპირებული ტერიტორიები, ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე - წლობით, ათწლეულობით ნაგროვები პრობლემები.

 

ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად - არა დაყოფა, მტრობა, მუდმივი არეულობის მცდელობა, არამედ ერთად დგომა, კონსტრუქციული ძალების თანამშრომლობა და მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური დისკურსი გვჭირდება.

 

ჩვენმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. ადამიანებს ყოველდღიური ძალადობისა და წნეხისგან ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ, მედია და ბიზნესი გათავისუფლდა, ყველას შეუძლია აზრის და პოზიციის გამოხატვა შიშის და თვითცენზურის გარეშე!

 

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ჯანდაცვის, პენიტენციური სისტემის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში. ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ევროპულ სივრცეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია.

 

მიღწეულით, რა თქმა უნდა, არასდროს ვართ კმაყოფილი. ახალი მიზნები უნდა დავისახოთ, ახალი ოცნებების რეალიზებაზე ვიმუშაოთ ერთიანი ძალისხმევით და საზოგადოების კონსოლიდაციით. ამ მიზანსწრაფულობაზე დგას მმართველი გუნდის სიძლიერე, ერთობა ხალხთან და ჩვენი სამშობლოს სწრაფი განვითარება!

 

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ წლების მანძილზე. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელების უმრავლესობას, თავი არ დაუზოგავს, რომ ეს ქვეყანა უკეთესი ყოფილიყო ვიდრე წლების წინ - თავისუფალი, მშვიდობიანი, საკუთარი მოქალაქეების, ადამიანის, სიცოცხლის დამფასებელი და რაც ყველაზე მთავარია, მომავალზე ორიენტირებული.

 

ჩვენ განვამტკიცეთ ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც არის საფუძველი ქვეყნის სწორად განვითარების და საიმედო გარანტი იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლებაში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდებიან ის პოლიტიკური პარტიები და პიროვნებები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე, ჩაგრავდა მათ და აყენებდა შეურაცხყოფას.

 

ჩვენ ყველა ეტაპზე ვცდილობდით, რომ ქვეყნის პოლიტიკაში დაგვემკვიდრებინა ახალი, მაღალი სტანდარტი, ევროპული ტიპის დემოკრატია და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდით ამ სტანდარტების გათვალისწინებით.

 

ამ სტანდარტის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2011 წელს მიიღო გადაწყვეტილება, მოსულიყო ქართულ პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც ქვეყანაში იყო სრული ნიჰილისტური განწყობა და არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იყო არჩევნების - მშვიდობიანი გზით სისხლიანი რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეს მოვახერხეთ.

 

ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვინც ძალაუფლება და უმაღლესი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ამით საფუძველი ჩაუყარა, საქართველოსთვის სრულიად ახალ პოლიტიკურ მიდგომებს.

 

ეს გამოიხატა აგრეთვე ახალი კონსტიტუციით, რომლითაც „ქართული ოცნება“ ერთადერთ ხელისუფლებად იქცა, რომელმაც ცვლილებებით ძალაუფლება კი არ გაიზარდა, არამედ პირიქით, მაქსიმალურად შეიზღუდა და ეს გამოიხატა თუნდაც იმაში, რომ მმართველმა პარტიამ, ქვეყნის და დემოკრატიიის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ, ზეპარტიულ კანდიდატს.

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატს, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკური გუნდის, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იქნება.

 

ჩვენ მხრს ვუჭერთ უდიდესი დიპლომატიური და პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, ღირსეული ქართველების შთამომავალს, რომელიც ყველაზე ზუსტად შეესაბამება კონსტიტუციით პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ როლს.

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მშვიდობიან, ევროპულ მომავალს!

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს!

 

ის იქნება სამაგალითო პრეზიდენტი არა მარტო რეგიონში, არამედ თავის წვლილს შეიტანს ევროპის პოლიტიკაშიც, დადებით როლს ითამაშებს რუსეთთან ურთიერთობაში და იქნება საერთო სახალხო პრეზიდენტი, იქნება მედიატორი პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.

 

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ისტორიაში და მჯერა ახალი ერა დაიწყება საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მოწყობაში.

 

მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ ყველას, ვისაც გაწუხებთ საქართველოს ბედი, ვინც ზრუნავთ არ მარტო საკუთარ ბედზე, არამედ გაწუხებთ საზოგადოების სწორად განვითარება - ხმა მიეცით სალომე ზურაბიშვილს.

 

პირველ ქალ პრეზიდენტს ქვეყნის ისტორიაში! პირველ ზეპარტიულ პრეზიდენტს საქართველოში! შევუწყოთ ხელი ხელი დემოკრატიის განვითარებას! - მიეცი ხმა თანამედროვე საქართველოს!

 

ზურგი ვაქციოთ ერთხელ და სამუდამოდ დაპირისპირებას შეურაცხყოფას, საზოგადოების დაყოფას, არეულ წარსულს და ყველამ ერთად, ახალი ქვეყანა ავაშენოთ - სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, იმედზე და განვითარებულ მომავალზე.

 

მინდა, წარმატებები გისურვოთ ქალბატონო სალომე!“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პარტია „ქართული ოცნება“ სოციოლოგიური კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 54 %-იანი მხარდაჭერით არჩევნებს პირველივე ტურში იგებს.

 

მორიგი კვლევის შედეგები საზოგადოებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააცნო.

 

“კვლევა ჩატარდა ორგანიზაცია „ფსიქოპროექტის“ მიერ „ქართული ოცნების“ დაკვეთით. შეგახსენებთ, რომ „ფსიქოპროექტი“ არის ორგანიზაცია, რომელთანაც „ქართული ოცნება“ წლების მანძილზე თანამშრომლობს მაღალკვალიფიციური სოციოლოგიური კვლევების ჩასატარებლად. „ფსიქოპროექტთან“ თანამშრომლობა ჩვენ ყოველთვის გვაძლევდა არჩევნების შედეგების სწორად და ზუსტად პროგნოზირების საშუალებას.

 

პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები, არსებითად, გამოიყენება პარტიის მიერ საარჩევნო კამპანიის სწორად დაგეგმვის მიზნით, თუმცა გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, ამჯერადაც გავაცნობთ საზოგადოებას მის შედეგებს.

 

აღვნიშნავთ, რომ მორიგი კვლევა ჩატარდა გასულ კვირაში - ამა წლის 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით. გამოკითხვა ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და იგი მოიცავდა დედაქალაქსა და საქართველოს ყველა რეგიონს, ბუნებრივია გარდა ოკუპრებული ტერიტორიებისა გამოიკითხა 2200 რესპოდენტი. კვლევა უზრუნველყოფდა შედეგების 95%-იან საიმედოობას, ხოლო ცდომილების ფარგლები იყო 3%.

 

სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ე.წ. ალოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან (აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას) საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ დაფიქსირდა შემდეგი მხარდაჭერა:

 

- სალომე ზურაბიშვილი - 30%

 

- გრიგოლ ვაშაძე: - 11%

 

- დავით ბაქრაძე: - 10%

 

- სხვა კანდიდატები: -7%

 

არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას - გამოკითხულთა 42%.

 

შესაბამისად, ე.წ. ალოკაციის გზით, რომელიც გვიჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები:

 

- სალომე ზურაბიშვილი - 54%

 

- გრიგოლ ვაშაძე - 18%

 

- დავით ბაქრაძე - 16%

 

- სხვა კანდიდატები -12%

 

როგორც ხედავთ:

 

გასულ კვირაში დაფიქსირდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მცირე ზრდა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების მხარდაჭერის მცირე კლება;

 

დაფიქსირდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობის რამდენიმეპროცენტიანი კლება;

 

სალომე ზურაბიშვილი აგროვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე ყველა ოპოზიციური კანდიდატი ერთად აღებული, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში, ის იმარჯვებს პირველივე ტურში.

 

მეორე ადგილზე გასვლის კვლავაც თანაბარი შანსი აქვთ გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს.

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს არჩევნებში მაქსიმალური აქტიურობისკენ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, 2012 წელს სწორედ ორგანიზაცია :ფსიქო პროექტის“ კვლევის შედეგები იყო ყველაზე ახლოს არჩევნების საბოლოო შედეგთან. აქვე მდინარაძემ დეტალურად გაიხსენა "ფსიქო პროექტის“ კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის მიერ 2012 წლის ივლისში ჩატარებული კვლევა ამბობდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 40% და „ნაციონალურ მოძრაობას“ 29% უჭერდა მხარს, ხოლო აგვისტოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის მაჩვენებელი 42%-ს, „ნაციონალური მოძრაობის“ კი 41% შეადგენდა.

 

"საბოლოოდ ორგანიზაციამ დადო კვლევის მონაცემი და უკვე ამ კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა 49% „ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხმას, 43% კი „ნაციონალური მოძრაობას". სწორედ ეს შედეგი იყო ახლოს არჩევნების საბოლოო შედეგთან, რომლის მიხედვითაც 54% „ქართულმა ოცნებამ“ და 40% „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო. "ფსიქო პროექტით“ ყოველთვის გვაქვს ხოლმე ზუსტი მონაცემები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Ноябрь 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?