Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რუსთავი 2-ის“ მაღალი კონცეტრაცია და განსაკუთრებული ინტერესი არ არის, იქ ყველგან მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ არეულობა შექმნას, თუმცა, სოზარ სუბარის განმარტებითვე, ისინი „ამას ვერ ეღირსებიან“.

 

„ერთადერთი ოლქი, სადაც დაძაბულობის მცდელობები შეინიშნება - ეს არის ზუგდიდი, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ყველა უბანზე გააკეთოს გარკვეული დესტრუქციული ქმედებები და დაძაბულობა შექმნას. დაძაბულობა რომ არის მათი მთავარი მიზანი, ეს კარგად ჩანდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და დღესაც კარგად გამოჩნდა, როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან, ისე იმ ჩანაწერებიდან, რომელიც ზუგდიდში ჩვენს გუნდს მიაწოდეს მათივე წარმომადგენლებმა. იქაც კარგად გამოჩნდა, რომ მათი მიზანი არის არა არჩევნების სამართლიანად ჩატარება, არამედ მიზანია, რომ რამენაირად დაძაბულობა შეიტანონ, რამენაირად არეულობა შექმნან, თუმცა გასაგებია, რომ ისინი ამას ვერ ეღირსებიან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრესიას გამოიჩენს ამომრჩევლის მიმართ, მათ ქართული საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს.

 

„ერთ რამეს მინდა შევაგუო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ აღარასდროს დაბრუნდება მათი დიქტატორული რეჟიმი საქართველოში და ყველგან, სადაც ისინი ეცდებიან აგრესია გამოიჩინონ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ამომრჩევლის მიმართ, მათ შესაბამის პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება.“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

თუ რაიმეზე ხელი წაუცდებათ, ნამდვილად არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას, გვერდიდან ყურებას და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების დასკვნების იმედად ყოფნას - მეტი საქმე არა მაქვს, ექვსი თვე ვიღაცის დასკვნას ველოდო, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქ“ მიმართვისას გააკეთა.

 

“დასკვნებს ქართველი ხალხი გააკეთებს და იმოქმედებს და ვიმოქმედებ მე, ქართველ ხალხთან ერთად. აბა თქვენ იცით - ყველაფერი კარგად იქნება, საქართველო გაიმარჯვებს. ეს არჩვნები ამათ უკვე წაგებული აქვთ, იმის მიუხედავად, სად როგორ შედეგს გაიფორმებენ. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის გამარჯვება გაფორმდება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მაინცადამაინც საარჩევნო უბანზე მოუნდათ ვალების გასტუმრება, - ამის თაობაზე ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

ბეჟაშვილმა ფულის გადაცემის ფაქტებსა და სხვა სახის საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. “ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ადგილი აქვს ამომრჩეველზე ზეწოლას და ამომრჩევლის მოსყიდვას.

 

“ზუგდიდის მეცხრე უბანზე მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა. ქალბატონები არიგებენ ფულს და ამბობებ, თითქოს ვალების გასტუმრება ხდება. ამ ადამიანებს მაინცადამაინც საარჩევნო უბანზე მოუნდათ ვალების გასტუმრება. მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გვაქვს ვიდეომტკიცებულება სოფელ რუხში - მეასე საარჩევნო უბანზე, სადაც ასევე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. გაპროტესტების დროს, ეს ადამიანები აღნიშნავენ, რომ ხდება ვალის გასტუმრება. სხვადასხვა საარჩევო უბნანზე “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან უბნების ბლოკირება შეინიშნება. ბლოკირებაში მონაწილეობას იღებენ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე ე.წ. ძველი ბიჭები. სოფელ კახათში საკრებულოს წევრი ზეწოლას ახდენს ამომრჩეველზე. ეს ბატონი გახლავთ ირაკლი ზარქუა - თბილისის საკრებულოს წევრი. კომისიის წევრები უბნებზე ამომრჩეველს აიძულებენ, რომ არჩევანი ღია წესით გააკეთონ და შემოხაზული ბიულეტენი მათ დაანახონ. ეს არის კანონის დარღვევა და ასეთ ფაქტებზე სამართლწარმოება უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

მისივე თქმით, ზუგდიდში საპროტესტო ელექტორატი გააქტიურებულია და ეს არის მიზეზი, რის გამოც ასევე გააქტიურდა “ქართული ოცნების“ შტაბები და უბნების მიმდებარედ მყოფი “ბირჟები“.

 

“ჩვენ ყველა კამერის მეშვეობით - იქნება “ლაივ სტრიმები“, ჩვენი დამკვირვებლების ვიდეოკამერები თუ დრონები ყველა პროვოკაციას და დარღვევის მცდელობას დავაფიქსირებთ“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

 

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებთან დაკავშირებულ ორ ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაკავებულია 5 პირი ადმინისტრაციული წესით, ხოლო ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამასთან შს მინისტრის მოადგილემ ყველას მოუწოდა ნუ მოახდენენ სიტუაციის ესკალაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია საკუთარი მანდატის შესაბამისად იმოქმედებს.

 

„როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ძალები გადავანაწილეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, არაერთხელ მოვუწოდეთ ყველას, მათ შორის კოორდინატორებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს, რომ დაეცვათ კანონი და საფრთხე არ შეექმნათ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის.მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, სამწუხაროდ, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილი აქვს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ისე დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს. რამდენიმე ფაქტზე პოლიციამ უკვე მოახდინა რეაგირება - ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია 5 პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

ამასთან, შს მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება მაქსიმალურად ცდილობს აღკვეთოს სამართალდარღვევები ისე, რომ ზიანი არ მიადგეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.

 

„ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, აშკარაა სიტუაციის გამწვავების მცდელობები და პროვოკაციები, სახეზეა მათ შორის პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა და ურთიერთდაპირისპირებები, მათ შორის ე.წ. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, მათ მხარდამჭერებს, კოორდინატორებს თუ დამკვირვებლებს, დაიცავით კანონი და ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ყველა პროვოკაციის და დაპირისპირების პრევენცია და საარჩევნო პროცესი გაგრძელდეს მშვიდ ვითარებაში. პოლიციისთვის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს სამართალდარღვევას ან დანაშაულს, ყველას მიმართ რეაგირება იქნება შესაბამისი,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე, - ასე მიმართ მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და დამკვირვებლებს.

 

სააკაშვილმა მათ მოუწოდა, „მიაწვნენ ბოლომდე, ხოლო თუ ცემა-ტყეპაზე გადმოვლენ, ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ ცოტა არ მოეჩვენებათ“.

 

“ნუ დაკომპლექსდებით! ეს არარაობები, ივანიშვილის „შნირები“ ცდილობენ დაგაკომპლექსონ, რომ შეტევაზე არ გადახვიდეთ და გული გისკდებოდეთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგაგონ. ვინ რაზე უნდა წამოეგოს - ეგენი არიან დამთავრებულები! ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე“, - მიმართა სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

 

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, არჩევნები საქართველოში ყოველ ჯერზე ყალბდება, ფული სიგარატის კოლოფებით რიგდება, სიებში გადმოწერილია ხალხი და ამის მიუხედავად, “ქოცების საქმე მაინც ცუდად არის“.

 

“მერე რა, რომ მათი „შნირი“ ჟურნალისტები დაგდევენ. როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, მხარეს შეიცვლიან - ჩვეულებრივი ფულისტები და ფულის ხამები არიან. ამათ არც სამშობლო აქვთ, არც მორალი აქვთ. ერთადერთი ჩვენ აღარ უნდა მივიკედლოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

სააკაშვილმა ასევე მიმართა “ქართული ოცნების“ წევრებს, “ნუ ჩაყვებიან ივანიშვილს საფლავში, ნუ შეასრულებენ უკანონო ბრძანებებს და ნუ მოიპარავენ არჩევნებს“. ისინი ასევე გააფრთხილა, რომ ყველაფერი ფიქსირდება, არსებობს კანონი და ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

 

“ძალიან ცოტა დარჩა ბიძინა ივანიშვილის საქართველოში ბოგინი. მინდა, ქართველები ცოტა უფრო ფრთხილად მოვეკიდოთ ერთმანეთს. ნუ გგონიათ, რომ საქართველოს მტერი და ჩანერგილი არსება ივანიშვილი კიდევ დიდხანს გასტანს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დღეს დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდაზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს.

 

„როგორც მთაწმინდაზე, ისევე სხვა ოლქებში აქტიურობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. ისევე, როგორც ბოლო წლებში, ქართველი ხალხის სწორი არჩევანით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დაკავებული 5 პირიდან უმრავლესობა უკვე გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე.

 

ამის შესახებ მეზვრიშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ხუთივე პირი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

 

„5 პირი იყო დაკავებული ზუგდიდში, კოკში, ზესტაფონში. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, მათ შორის მმართველი პოლიტიკური პარტიიდანაც, თუმცა, უმრავლესობა აქედან გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე. ადმინისტრაციულად იყვნენ დაკავებულები და გავათავისუფლეთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არცერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში, ბრიფინგზე განაცხდა.

 

თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს აუდიოჩანაწერი წარუდგინა, სადაც მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები - ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, როგორც უნდა „აადუღონ“ სამეგრელო და აჭარა.

 

„საარჩევნო უბნებზე დღეს პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება. როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება, არეულობა და დესტაბილიზაციაა. გუშინაც და ადრეც არაერთხელ განგვიცხადებია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე პროვოკაციებმა ეს დაადასტურა. როგორც ჩანს, მიუხედავად პოლარიზაციისა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბშიც არიან ადამიანები, რომელთათვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სამუშაო სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომლის მონაწილენი, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, თუ როგორ უნდა „აადუღონ“ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგენებ არჩევნებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, აუდიოჩანაწერი გამოძიებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს.

 

„ეს აუდიოჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას გავაცნოთ ამ ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ვციტირებ: „ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში მოიგებენ თუ წააგებენ, უნდა აადუღონ ზუგდიდი და აადუღონ აჭარა. შემდგომ კი მთელი საქართველო“. მთელ ჩვენს ქვეყანას და სამეგრელოს კი ყველაზე მწარედ ახსოვს, რას ნიშნავს „ადუღებული“ ზუგდიდი. გვახსოვს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირება. გვახსოვს, როგორც ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები ერთი წლის წინ აჭარის „ადუღებას“, როდესაც თითქმის გადაწვეს ბათუმის ცენტრი. ამიტომ, ბუნებრივია, სახელმწიფო და საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს და გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არცერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“, - განაცხადა თალაკვაძემ, რომელმაც ჟურნალისტებს ბრიფინგზე აუდიოჩანაწერი წარუდგინა.

მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა, დიდი ალბათობით პირველ ტურში გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

 

„მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა იქაც ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით, პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა,- განაცხადა ივანიშვილმა.

 

ბიძინა ივანიშვილის ხმის მისაცემად შვილთან, ბერა ივანიშვილთან და მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა.

კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია, - ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული.

 

საია-ში მიიჩნევენ, რომ „ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება“.

 

„ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები ვიდეო კადრებზე ზუგდიდის ოლქში #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს. მართალია, არც ერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ის დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ.

 

კიდევ უფრო შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კოორდინატორებს მიმართა, ნუ შეუშინდებიან კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს.

 

„მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე. მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. ნუ შეუშინდებით მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, თქვენ გაქვთ ამის უფლება და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თუ ვინმე თქვენს საქმიანობაში ხელს შეგიშლით, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სამსახურებს“, - განაცხადა კალაძემ.

უკვე დაიწყო სპეცოპერაცია - კრიმინალების მობილიზება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდის 18-ე საოლქო საარჩევნო უბანთან, არჩევნების მიმდინარეობის პროცესის კომენტირებისას განუცხადა.

 

ვაშაძის ინფორმაციით, “რუხში დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, კოკში კრიმინალებმა ცემა-ტყეპა დაიწყეს, 18-ე უბანზე 50 ბანდერლოგი ფირსირდება, რომელთაც აქვთ მითითება, როდის დაიწყონ სპეცოპერაცია“.

 

“ამის მიუხედავად, არის 5 000 დამკვირვებელი, 200-ზე მეტი ლაივ -კამერა, 300-ზე მეტი დრონი და სტაციონარული კამერა - ერთ ფაქტს არ ვაპატიებთ! დამერწმუნეთ, პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები და ეუთო ისეთ დასკვნას გააკეთებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაკეთებული დასკვნები დედის იავნანად მოეჩვენებათ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.

დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ცესკო ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ მათ არ აქვთ ვალდებულება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უბანზე ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს გადასცეს, გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა.

 

"დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების შემოწმება, მათ შორის გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველს არ აქვს ვალდებულება აჩვენოს ან გადასცეს პირადობის მოწმობის დოკუმენტი უბანზე ყოფნის უფლების მქონე არცერთ პირს, გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა. მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელსა და რეგისტრატორს აქვთ უფლება, ამომრჩეველს მოსთხოვონ პირადობის მოწმობა და მონაცემები დაამუშაონ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დამკვირვებლებს აქვთ ყველა პროცესზე დაკვირვების უფლება, თუმცა ისე, რომ არ მოახდინონ ამომრჩევლის შეფერხება, პროცესისა და კომისიისათვის მუშაობის ხელის შეშლა,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » Ноябрь 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?