ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ სტაციონარში მოთავსებულ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

 

ამ ეტაპზე კლინიკაში 12 პაციენტი მკურნალობს. 9 მათგანის ტესტის პასუხი ინფექციურმა საავადმყოფომ გუშინ, გვიან ღამით მიიღო და ყველა მათგანი ჯანმრთელია, ხოლო დანარჩენი 3 პაციენტი რესპირატორულ-სინციტიური სიმპტომების გამო სამედიცინო დაწესებულებას სრულ გამოჯანმრთელებამდე არ დატოვებს.

 

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუფიქსირდათ, ისინი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებენ და თვითიზოლაციის რეჟიმში გადავლენ.

 

საქართველოში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.