საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა- ამის შესახებ ინფექციური საავადამყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, გუშინ ტესტი ჩაუტარდა 15 პაციენტს, დადებითი კი მხოლოდ 1 შემთხვევაში აღმოჩნდა.

 

„ეს პაციენტი არის ბოლო 3 შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ახლა ჩვენთან წევს 29 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება კიდევ კვლევები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

 

ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა კორონავირუსით პირველი ინფიცირებული, რომელიც უკვე სრულად განიკურნა. ის ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება. ინფექციურ საავადმყოფოში იმედოვნებენ, რომ კლინიკას დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ნომერი მესამე პაციენტიც დატოვებს. განმეორებითი ტესტი მას დღეს ჩაუტარდება.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. 

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.