თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში 22 ადამიანი იძულებით გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 16 მარტს, მთელი დღის განმავლობაში თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი 22 ფაქტი გამოვლინდა. თბილისიდან, ასევე იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონიდან 22 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.

 

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა კორონავირუსით პირველი ინფიცირებული, რომელიც სრულად განიკურნა. ის ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.