უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, ევროპის 12 ქალაქში უნდა ჩატარებულიყო, წელს კორონა ვირუსის გამო არ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

 

ევროპის საფეხბურთო კავშირმა შესაბამისი გადაწყვეტილება, დღეს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე მიიღო, რომელზეც მიწვეული იყვნენ უეფას წევრი 55 ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე - ევროპული კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელები და ევროპული ლიგებისა და ფეხბურთელთა პროფკავშირის (FIFPro) წარმომადგენლები. ვიდეოკონფერენციის მიზანი სწორედ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ვითარების განხილვა იყო.

 

როგორც უეფაში აცხადებენ, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება.

 

რაც შეეხება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს, რომელიც 2021 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, 2022 წლის ზაფხულისთვის გადაიდება. ის ხელს არ შეუშლის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს, რადგან მუნდიალი ყატარში, ზამთარში უნდა ჩატარდეს.

 

ასევე გადაიდო უეფას ჭაბუკთა ლიგის ¼-ფინალის შეხვედრები, რომლებიც 17 და 18 მარტს უნდა ჩატარებულიყო.

 

„ადამიანების ჯანმრთელობა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ეს სვლა დაეხმარება ყველა ეროვნულ ჩემპიონატს სეზონის დასრულებაში. უეფას ყველა მატჩი, მათ შორის ამხნააგურები, საკლუბო და სანაკრებო, შეჩერებულია მანამ, სანამ ახალი მითითება არ იქნება“, - ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.

 

უეფამ ევროპაში COVID-19-ის გავრცელების გამო, ჯერ კიდევ 13 მარტს შეაჩერა მისი ეგიდით მიმდინარე ყველა საკლუბო ტურნირი. გაურკვეველი დროით გადაიდო 18 და 19 მარტს დაგეგმილი უეფას ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩები და 20 მარტს გასამართი ყველა საპასუხო ⅛-ფინალური შეხვედრა ევროპალიგაში

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.