საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მედიის წარმომადგენლებთან აშშ-ში მისი ვიზიტი და ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრები შეაფასა.

 

როგორც „გლობალპრესს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ზალკალიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოწვევით იმყოფება და მონაწილეობს რელიგიის თავისუფლების კოალიციის მაღალი დონის შეხვედრაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორი ქვეყნის განსაკუთრებულ პარტნიორობას.

 

„აქ ვიმყოფები სახელმწიფო მდივნის მოწვევით, ხვალ სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება რელიგიის თავისუფლების საკითხებზე კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. მნიშვნელოვანია, რომ მინისტრების იმ შეზღუდულ რაოდენობაში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მოიწვია, საქართველოც მონაწილეობს. ბუნებრივია, ეს არის აღიარება იმისა, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ყველაფერი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და იმ პრინციპებს, რომელიც მთავარია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის”,- განაცხადა ზალკალიანმა.

 

მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტი გამოყენებული იქნა პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის გაიმართება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის კონგრესში.

 

„ეს ორდღიანი ვიზიტი ვფიქრობ, იქნება კარგი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორს, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს მივაწოდო ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია როგორც საგარეო პოლიტიკური კუთხით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, სენატორები და კონგრესმენები საქართველოს განიხილავენ როგორც ლიდერ ქვეყანას, რომელსაც რეგიონში დაწესებული აქვს ძალიან მაღალი სტანდარტები დემოკრატიის, სწორედ ამ მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე არის მათი მომართვა ჩვენთან დაკავშირებით დემოკრატიულ განვითარებაზე. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც მეგობრის, სტრატეგიული პარტნიორის რჩევას და ამაზე გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, ინფორმაციების ობიექტურობასა თუ სუბიექტურობაზეც ვიმსჯელებთ, მე მათთან მექნება ძალიან გულწრფელი საუბარი და მაქსიმალურად მივაწვდი ინფორმაციას რეალური სურათის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომუნიკაციით და იმ ქმედებებით რასაც ხელისუფლება აქამდე ახორციელებდა, ახლაც ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან თვისობრივად ახალ დონეზე გადავა და გაძლიერდება, არათუ რაიმე ჩრდილი მიადგება მას“,- განაცხადა ზალკალიანმა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.