ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ირანში, ასტანის სამეულის სამიტზე დაპატიჟა, რომელიც ირანში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა TASS ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული შეთავაზების შესახებ რუსეთში ირანის ელჩმა, კაზემ ჯალამიმ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვლადიმერ კოსაჩევთან შეხვედრისას განაცხადა.

 

ირანის ელჩის ინფორმაციით, სამიტის ირანში გამართვასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა პუტინსა და ირანის პრეზიდენტს შორისაც.

 

"რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი გაიმართა პრეზიდენტებს, რუჰანსა და პუტინს შორის. სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა რუჰანიმ მოიწვია პრეზიდენტი პუტინი ირანში, რომ ასტანას ფორმატის ფარგლებში შემდეგი სამიტი უახლოეს მომავალში ირანში გაიმართოს",- განაცხადა ირანის ელჩმა.

 

ირანელმა დიპლომატმა, ასევე, აღნიშნა, რომ ერთადერთი კოალიცია, რომელიც წარმატებული იყო და რეალურად ებრძოდა ტერორიზმს, იყო ირანისა და რუსეთის კოალიცია.

 

„არაერთი კოალიცია შეიქმნა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ერთადერთი კოალიცია, რომელიც წარმატებული იყო და რეალურად ებრძოდა ტერორიზმს, იყო ირანისა და რუსეთის კოალიცია“, - აღნიშნა ჯალალიმ.

 

სამიტის განხილვის მთავარი საკითხია, სირიაში არსებული მდგომარეობა. სამმხრივი მოლაპარაკებები, რომლებშიც ირანის, თურქეთის და სირიის წარმომადგენლები მონაწილეობენ 2017 წლიდან იმართება. კონფლიქტი სირიაში 2011 წლიდან გრძელდება. რუსეთი ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს მხარს, მეამბოხეებს კი თურქეთი.

 

აღსანიშნავია, რომ ირანში კორონავირუსი მძვინვარებს, აქედან გამომდინარე უცნობია ვლადიმერ პუტინი ჩავა თუ არა ირანში, სამიტზე დასასწრებად.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსს 77 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ირანის პარლამენტის 23 დეპუტატია ინფიცირებული.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.