ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი დაშავდა გერმანიის ქალაქ ჰერნეში თურქებსა და ქურთებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად.

 

გერმანული მაუწყებლის, „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ უძღოდა საპროტესტო აქცია, რომლის 350-მდე მონაწილე, ძირითადად, ქურთები აპროტესტებდნენ სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაციას.

 

პოლიციის ცნობით, დემონსტრანტების პროვოცირება დაიწყეს ახლომდებარე თურქულ კაფეში მყოფმა პირებმა. სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა კაფე დაარბიეს. პოლიციამ რამდენიმე საქმე აღძრა, თუმცა, ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

 

14 ოქტომბერს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს და მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სირიაში სამხედრო ოპერაცია. მერკელის შეფასებით, თურქეთს საკუთარი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური ინტერესები აქვს, თუმცა, სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე ოპერაცია დესტაბილიზაციით ემუქრება მთელ რეგიონს და ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერების საფრთხეს ქმნის.

 

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ თურქეთის ჯარებმა სირიის ჩრდილოეთში დაიწყეს ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.