გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მამუკა ხაზარაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

 

როგორც შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის ამ შეხვედრას „შემთხვევით დაესწრო“.

 

„დიახ, ვადასტურებ, ოღონდ მთავარი პროკურორის რანგში არ ვესწრებოდი. მეც ვიცი, რომ ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მოვისმინე, ასევე მოვისმინე არაადეკვატური პოზიციონირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი. შემთხვევით დაემთხვა ისე, რომ იმ პერიოდში, როდესაც შეხვედრა უნდა ყოფილიყო ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მე აღმოვჩნდი იქ, შესაბამისად, შეიქმნა უხერხულობა და მე უბრალოდ დავესწარი ამ შეხვედრას. შეხვედრაზე რომ გაჟღერებულიყო ისეთი გარემოება, ან მომხდარიყო ისეთ ფაქტი, რასაც მე მივიჩნევდი, რომ ჩემი იქ დასწრება მიზანშეუწონელი იქნებოდა, მე დავტოვებდი ამ შეხვედრას. ეს შეხვედრა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდობიან, მეგობრულ გარემოებაში, საუბარი იყო კონკრეტულ დავის საგანზე, სამოქალაქო დავაზე”, - განაცხადა შოთაძემ.

 

მისი თქმით, მას შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია, რაც დაადასტურა თავად ხაზარაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ შოთაძე შეხვედრაზე ჩუმად იჯდა.

 

“მე შემთხვევით აღმოვჩნდი ამ შეხვედრაზე, რაც დასტურდება თვითონ მამუკა ხაზარაძის მონაყოლიდან, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მე იქ ხმა საერთოდ არ ამომიღია, არავისზე ზეწოლა არ განმიხორციელებია, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არავინ მიწამებია. მე ვიყავი მთავარი პროკურორი, ვიყავი პირად საკითხზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. არ მახსოვს, რა თანამდებობაზე იყო [ივანიშვილი], ეს იყო კერძო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გარკვეულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი. შესაბამისად, ამ შეხვედრაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია და ხმაც არ ამომიღია“, - აღნიშნა შოთაძემ.

 

მისივე განცხადებით, შეხვედრის დეტალები არ ახსოვს, მხოლოდ ის დაამახსოვრდა, რომ „ამ შეხვედრის გამართვის გამო, ყველა მხარე იყო კმაყოფილი და მადლიერი”.

 

კახიძის კითხვაზე, რატომ იყო ივანიშვილთან ის, როგორც კერძო პირი, შოთაძე ამბობს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას ბევრ კერძო პირს ხვდებოდა. რაც შეეხება ივანიშვილთან შეხვედრას, მისი თქმით, მასთან სამომავლო პროექტი განიხილა.

 

„ძალიან ბევრ კერძო პირს ვხვდებოდი, შეიძლება ოფისში, გარეთ, რესტორანში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევხვდი მის ბიზნესცენტრში. ეს იყო პროკურატურის საქმიანობასთან, ეს იყო კონკრეტულ პროექტზე, რასაც შესაძლოა, მართლმსაჯულებისთვის ხელი შეეწყო. მართლმსაჯულების სფეროში განათლების კუთხით გარკვეულ სასწავლო დაწესებულების, სასწავლო კურსების შემოღების საკითხზე… არავის არაფერს ვუთანხმებდი, საუბარი იყო ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე. ზოგადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში აფინანსებს გარკვეულ პროექტებს და სწორედ ამ მიზნით იყო საუბარი. მზად ვარ, ნებისმიერ კერძო პირს შევხვდე და ვესაუბრო ამ საკითხზე, როგორ შეიძლება საქართველოში განვითარდეს მართლმსაჯულების სისტემაში ჩართული პირებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო სისტემა”, - განაცხადა შოთაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის სასახლეში შეხვედრას გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.