საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს, რომელიც ოჯახური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა.

 

დღევანდელ პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

 

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. თავად ბრალდებული საქმის დეტალებზე არ საუბრობს და საზოგადოებას გამოძიების დასრულებამდე მოცდას სთხოვს. ამასთან, მისი ადვოკატის კახა ხვისტანის განცხადებით, დავით ცინარიძისთვის „ოჯახი წმინდაა და აღნიშნული თემის ზედმეტი დრამატიზირება არ სურს“.

 

ცნობისთვის, დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა ორი დღის წინ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.