პოლიციამ 1971 წელს დაბადებული მ.ჯ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ბრალდებულმა 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა განახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს - 1991 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ი.ჯ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

„სამართალდამცველებმა მ.ჯ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია თოფი და 12 ვაზნა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - განმარტავენ ძალოვან უწყებაში.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.