Global Press

Russia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0624
EUR
3.4593
RUR
0.043
GBP
3.8617

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას ინფორმაციით, იმ კანონპროექტის შეცვლა იგეგმება, რომლის თანახმადაც კომუნიკაციების კომისიას ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ანიჭებდა.

 

კაკულიას განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტმა მედიაში მღელვარება გამოიწვია, მისი წარმოდგენილი ვერსიით მიღება აღარ მოხდება.

 

„ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გაწვეული იქნება იმიტომ, რომ დღეისთვის, წინასაარჩევნოდ, ასეთი მოცემულობით ამ თემის განხილვა საჭირო არ არის. რაც შეეხება ოპერატორებს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი დაჩქარებულია, არ ნიშნავს იმას, რომ დაცული არ უნდა იყოს კანონის მიღების თუნდაც მინიმალური სტანდარტები. აშკარად ჩანდა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და დაჩქარებულ დროში, ხვალ-ზეგ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა კომუნიკაციის დეფიციტი აღმოვფხვრათ და ყველა ის არგუმენტი, რომელიც არსებობს სექტორში, კიდევ ერთხელ იყოს გააზრებული მარეგულირებელთან ერთად. კანონის არათუ გამკაცრება, არამედ იმ ინსტრუმენტის შემოღება ხდება, რომელმაც ძალიან მძიმე სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ უნდა გახადოს საჭირო. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ სექტორს არ ჰქოდნეს განცდა, რომ არსებული რეგულაციები შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული მომავალში. სექტორის წარმომადგენლები არ არიან წინააღმდეგი, რომ ასეთი ცვლილება არსებობდეს, მაგრამ აუცილებელია, დაზუსტდეს მოცემულობა და ის მიზეზები, რომლითაც განისაზღვრება დროებითი მმართველის შესვლა კონკრეტულ ოპერატორთან,” - განაცხადა კაკულიამ.

 

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს.

ელექტრონული კომუნიკაციების კანონის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლობა ვერ იქნება იმუნიტეტი - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე.

 

მისივე თქმით, კომუნიკაციების კომისიას დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აქვს უფლებამოსილება დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შეუჩეროს ავტორიზაცია მაუწყებელს.

 

„დღეს მაგთიკომი და სილქნეტი ამავდროულად მაუწყებლები არიან და დამეთანხმებით, რომ მაუწყებლად გახდომა იმუნიტეტი ვერ გახდება კანონდარღვევის შემთხვევაში. კანონპროექტის მიხედვით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ მაუწყებლებს ეს ცვლილება არ ეხება, მაგრამ რედაქციულად თუ არის რამე შესაცვლელი, პარლამენტი საბოლოოდ მიღებამდე თუ საჭიროდ მიიჩნევს ამ დაზუსტებას გააკეთებს. ინტენსიურად ვმუშაობთ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან და ჩვენი მიზანიც ის არის, რომ მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმი შემოვიღოთ, რომელიც ეხება კონცენტრაციას და ამან რადიკალურად შეიძლება შეცვალოს მომხმარებლის და ბაზრის ინტერესი“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, ესეც შეიძლება გახდეს მეორეხარისხოვანი, მთავარია ყველამ ერთად - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

 

მისი თქმით, გამოწვევების ფონზე მმართველ გუნდს არ სცალია იმისთვის, რომ იმაზე გამართოს დისკუსია, ვინ იქნება სიის სათავეში.

 

„რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, მე რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით - ჩემი ძირითადი ამოცანა, მთავრობის ძირითადი ამოცანა არის პირველ რიგში პანდემია, ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის რისკები, მეორე ამოცანა გახლავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში იმიტომ, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგიური კრიზისი გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და ჩვენი ამოცანა არის, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართველ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და მესამე ამოცანაა ამ ორი კრიზისის პირობებში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში - წყნარად, მშვიდად და დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები. როგორ ფიქრობთ?

 

ამ სამი უდიდესი გამოწვევის, ომის, თავიდანვე ვამბობდით, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ჩათვალეთ, რომ ახლა მესამე ფრონტზე ვიბრძვით, ამის პირობებში ან მე ან მთავრობის რომელიმე წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, პირველი სიაში ვინ იქნება ან მეორე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სიაში ვინ იქნება პირველი ამას კი არ აქვს მნიშვნელობა ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, ესეც შეიძლება გახდეს მეორეხარისხოვანი, მთავარია ქვეყანაში ყველამ ერთად - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს არის ის გასაღები, რომელიც იმ ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი”, - განაცხადა გახარიამ.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა.

 

კომისიის თავმჯდომარემ ცვლილების საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთან კახა ბექაურმა კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ ინტერპრეტაციებსა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების მცდელობაზე განცხადა, რომ აღნიშნული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, ვინაიდან ცვლილებები უნდა შევიდეს მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში და მას არანაირი კავშირი არ აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების წარმოდგენილი პროექტი თავისი არსით წმინდა სამართლებრივი საკითხია და სწორედ ამ ჭრილში უნდა იქნას განხილული. სამართლებრივი მოცემულობა კი ასეთია: მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქვს უფლებამოსილება, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული, ან ლიცენზიის მფლობელი ნებისმიერი პირის მიმართ კანონმდებლობის და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს შემდეგი ტიპის სანქციები: 1. გაფრთხილება; 2. ჯარიმა - არანაკლებ 3 000 და არაუმეტეს 30 000 ლარის ოდენობით; 3. დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განმეორებითი ჯარიმა - არანაკლებ 9 000 და არაუმეტეს 90 000 ლარის ოდენობით; 4. დარღვევის კვლავ აღმოუფხვრელობის შემთხვევაში - ჯარიმა არანაკლებ 27 000 და არაუმეტეს 270 000 ლარის ოდენობით; 5. ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება. ამასთან, კანონის თანახმად კომუნიკაციების კომისიას ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება შეუძლია ავტორიზებული პირის პირველად დაჯარიმების შემდეგ. ანუ ისე, რომ არ დაელოდოს შემდეგ ჯარიმებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო. კერძოდ, ავტორიზებულ პირებს დარღვევის აღმოსაფხვრელად და კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად ყოველთვის ეძლევათ გონივრული ვადა და ის დამოკიდებულია შესასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსზე. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის მიერ ავტორიზებული პირის მიმართ გაფრთხილების და სამივე ჯარიმის გამოყენება დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია და ავტორიზებულ პირებს აქვთ საკმარისზე მეტი დრო დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე.

 

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებების პაკეტი არ მოიცავს სანქციის ახალი სახეს, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობით კომისიას სანქციების დაკისრება ისედაც შეუძლია, მათ შორის ისეთი მძიმე სანქციის როგორიც ავტორიზაციის შეჩერებაა.

 

„შემოთავაზებული მექანიზმი არ არის სანქციის ახალი სახე. ეს არის კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი. დღეს არსებული კანონმდებლობაც (მაგ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი) იცნობს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ისეთ მექანიზმებს, როგორიც არის: აღსრულება მესამე პირის მეშვეობით, ჯარიმა და უშუალო იძულება. კანონპროექტით შემოთავაზებული აღსრულების მექანიზმი სამართლებრივად წარმოადგენს უშუალო იძულების ერთ-ერთ სპეციფიკურ სახეს. როგორც აღვნიშნე, არსებული კანონმდებლობა ისედაც იცნობს აღსრულების ამ მექანიზმს. უბრალოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 172-ე მუხლი ადგენს მხოლოდ ზოგადად ინსტიტუტს და არ შეიცავს მისი პრაქტიკაში გამოყენების მექანიზმებს, ვინაიდან იგი დათქმას აკეთებს სპეციალურ კანონმდებლობაზე, სადაც უნდა გაიწეროს ამ მექანიზმის პრაქტიკაში გამოყენების დეტალები. სწორედ ამ კანონისმიერი დათქმიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში აღსრულების კუთხით არსებული ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად.

 

კანონპროექტის თანახმად, აღსრულების ისეთი მექანიზმის გამოყენება, როგორიც არის, სპეციალური მმართველის დანიშვნა, შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ავტორიზებული პირი კომისიის მიერ მინიმუმ ოთხჯერაა სანქცირებული (გაფრთხილება და 3 ჯარიმა). აღსრულების შემდგომმა გადადებამ ან მეორეს მხრივ, ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის ჩამორთმევამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. სპეციალური მმართველის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ყველა ამ მოცემულობის კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კანონპროექტის წარდგენისას.

 

კახა ბექაურის განცხადებით, კომისიისთვის გადაწყვეტილებების აღსრულების ამ მექანიზმის არარსებობა ნიშნავს იმას, რომ რისკის ქვეშ დგება მთელი საკომუნიკაციო ბაზარი.

 

„კომუნიკაციების კომისია კანონის საფუძველზე შექმნილ მარეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკურ აგენტებს არეგულირებს. აქ აღსანიშნავია ისიც, რომ საქმე გვაქვს რეგულირებად სექტორთან, რაც თავისთავად ხაზს უსვამს ამ სფეროს უაღრესად დიდ მნიშვნელობას. სხვა შემთხვევაში საბაზრო ეკონომიკის პირობებში, როგორც წესი ეკონომიკური სექტორების რეგულირება არ ხდება. რეგულირება მაშინ არის ეფექტური, თუ არსებობს მარეგულირებელი გადაწყვეტილებების აღსრულების ქმედითი მექანიზმი. დღეს, აღსრულების არაეფექტური მექანიზმის გამო, რისკის ქვეშ დგას მთელი სატელეკომუნიკაციო სექტორი და აქედან გამომდინარე ყველა ის სფერო, რომელიც ელექტრონულ კომუნიკაციებს იყენებს.

 

დღეს კი, 21-ე საუკუნეში ყველა სფერო ასეთია. თუ ავტორიზებული პირის მიერ არ მოხდება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება და აღსრულებისთვის ჯარიმის გარდა არ გვექნება სხვა ბერკეტი, დღეს არსებული კანონმდებლობით გვრჩება მხოლოდ ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელი ავტორიზებული პირების შემთხვევაში, კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, რადგან ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება იწვევს ავტორიზებული პირის საქმიანობის შეჩერებას, რაც ნიშნავს სატელეკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენილ ასიათასობით და მილიონობით ადამიანს, ასობით იურიდიულ პირს და ორგანიზაციას, მათ შორის ჯანდაცვის ობიექტებს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, სახელმწიფო უწყებებს, ასევე უმუშევრად დარჩენილ ათასობით ადამიანს, ანუ სრულ კოლაფსს. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში უბრალოდ შეუძლებელია ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება, ხოლო თუ ჯარიმის გარდა გადაწყვეტილების აღსრულების სხვა მექანიზმი არ გვექნება, ეს ნიშნავს სრულ ქაოსს ბაზარზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯარიმის გამოყენებაც უნდა იყოს რაციონალური, სხვა შემთხვევაში ჯარიმის უსაზღვროდ გამოყენება გამოიწვევს ავტორიზებული პირის გაკოტრებას, რაც ზუსტად იგივე შედეგს დააყენებს, რასაც ავტორიზაციის შეჩერება. სახელმწიფოს და ამ დარგის მარეგულირებლის მიზანი არ შეიძლება იყოს და ვერ იქნება ავტორიზებული პირის გაჩერება. მარეგულირებლები სწორედ იმისთვის არიან შექმნილი მთელ მსოფლიოში, რომ უზრუნველყონ დარგის გამართული ფუნქციონირება იმისთვის, რომ 21-ე საუკუნეში ქვეყნის მოსახლეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების გარეშე არ დარჩეს. აქედან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტური მექანიზმის არსებობა სახელმწიფოს და კომუნიკაციების კომისიის არათუ ლეგიტიმური უფლება, არამედ პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს, რომ თუ ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, მაშინ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მისი აქტის აღსრულება უზრუნველყოს უშუალო იძულების მექანიზმით. სწორედ უშუალო იძულების მექანიზმის დაკონკრეტება ხდება წარმოდგენილი ცვლილებით და ეს რაიმე სახის ნოვაციას არ წარმოადგენს“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

ყოველგვარი სპეკულაცია, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მოვისმინე, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონი მაუწყებლობის კანონს, მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიზანი არ არის იძულების მექანიზმის გაძლიერება კომპანიების მიმართ, ეს საჭირო არ არის, რადგან კომისიას იძულების მძლავრი მექანიზმი ისედაც აქვს.

 

„არ შეიძლება არსებობდეს ავტორიზაციის ან ლიცენზიის ჩამორთმევაზე და საქმიანობის შეჩერებაზე მძლავრი იძულების მექანიზმი. ასეთი უკვე გვაქვს, ამიტომ ცვლილებები ამას არ ემსახურება. ეს ემსახურება მომხმარებლების უფლებების დაცვას, ელექტრონულ კომუნიკაციებში მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებს, რომლებსაც ძალიან ბევრი აბონენტი ჰყავთ. თუ აღსრულება ეფექტიანი არ არის და ჯარიმების შემდეგ არ აღსრულდა კანონი, ჩვენ ვითხოვთ დღევანდელ კანონმდებლობაში არსებულ მექანიზმზე უფრო მსუბუქ მექანიზმს, რომელიც დაიცავს მომხმარებელს საკომუნიკაციო სერვისების შეწყვეტისგან. შესაბამისად, აქ არანაირად მაუწყებლობის სფეროს ნაწილი არც მოსაზრებებში იყო, არც მიზნებში და არც არავის გაუვლია თავში, არც წარმოდგენილ კანონპროექტშია ამაზე საუბარი. შესაბამისად, ეს ყოველგვარი სპეკულაცია, რომელიც ამ კუთხით, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მოვისმინე, თითქოს ეს მაუწყებლობის კანონს, მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა და არანაირად ეს ცვლილებები შეხებაში მათან არ არის“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

აშშ-ს საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პირობების შეუსრულებლობისას, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15 პროცენტის "დაკავებას" ითვალისწინებს. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის ჯამში $132 025 000-ის გამოყოფაზე. კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ კანონპროექტი გავიდა 29 ხმით, 21-ის წინააღმდეგ.

 

საერთო ჯამში, პროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სხვა საერთაშორისო პროგრამებისა და აქტივობების დაფინანსება.

 

კანონპროექტის თანახმად, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2021 წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15 პროცენტი "დააკავოს", მანამ, სანამ მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთის ეფექტიან ნაბიჯებს არ გადადგამს შემდეგი მიმართულებით:

 

1. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით;

 

2. მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მათ შორის, ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების შემოღებით;

 

3. უზრუნველყოს კანონის უზენაესობა კერძო სექტორში, რას შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, მათ შორის, უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვით, რათა შეეძლოთ შევიწროვების გარეშე ოპერირება და საქართველოში განხორციელებული ინვესტირების შედეგად ფინანსური სარგებლის მიღება.

 

"სახსრების 15 პროცენტი არ გამოიყოს, სანამ სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ანგარიშს კომიტეტებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კორუფციასთან საბრძოლველად და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, რაც შესაბამისი იქნება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან", — წერია დოუკუმენტში.

 

კანონპროექტში საუბარია დახმარების არგამოყოფის გამონაკლის შემთხვევებზეც, რომლის მიხედვით, სახსრების შეჩერება არ უნდა შეეხოს იმ პროგრამებს, რაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, იმ პროგრამებსაც, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ძალადობის შემცირებისთვისაა.

 

კანონპროექტს ახლავს განმარტებითი ანგარიში, სადაც ახსნილია ის კონკრეტული პირობები, რომლის არშესრულების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს მთავრობას დახმარების 15 პროცენტი არ გამოუყონ:

 

1. რამდენად ეფექტიანად ხორციელდება საარჩევნო რეფორმა;

 

2. რამდენად იცავს სასამართლო დამოუკიდებლობას, მათ შორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან;

 

3. რამდენად ეფექტიანად ახორციელებს პოლიტიკას ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საჯარო ინფორმაციასთან წვდომის კუთხით;

 

4. რამდენად დაცულია სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებები და მედიის თავისუფლება;

 

5. რამდენად ზღუდავს მთავრობა ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა. კომისიის თავმჯდომარემ ცვლილების საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შეთავაზებული მექანიზმი არის თეორიულად არსებულ ყველა მექანიზმს შორის ყველაზე ეფექტური და ნაკლებ შემზღუდავი.

 

„მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში და სინგაპურში გამოიყენება, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი აზრით უფრო მძიმე ჩარევას წარმოადგენს და ამავდროულად ნაკლებ ეფექტური შეიძლება იყოს. მეორე მხრივ, არ არსებობს გარანტია, რომ ეს ღონისძიება უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან კომისიის გადაწყვეტილების მიზანი არის ავტორიზებული პირის მიერ კონკრეტული ქმედების განხორციელება და არა მისი მმართველობითი ორგანოების წევრების თავისუფლების აღკვეთა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მნიშვნელოვანი ავტორიზებული პირების ბენეფიციარები უმეტეს შემთხვევაში ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიებია, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული აღსრულების მექანიზმი იქნება ყველაზე ეფექტური და ნაკლებად შემზღუდველი, არსებულ შესაძლო ალტერნატივებს შორის“,- განაცხადა კომიტეტის სხდომაზე კახა ბექაურმა.

 

ამას გარდა, კომისიის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს და დაინტერესებულ პირებს შეახსენა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კომისიას კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება პირველივე ჯარიმის შემდეგ შეუძლია. კანონის ახალი ვარიანტის თანახმად, სპეციალური დროებითი მმართველის დანიშვნის ეტაპი, გაცილებით გვიან, მინიმუმ 4 სანქციის შემდეგ დგება. ამიტომ, აღნიშნული ცვლილება უფრო მძიმე რეგულაციად ვერ ჩაითვლება.

 

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღსრულების ასეთ მექანიზმს უკვე იცნობს ქართული კანონმდებლობაც, კერძოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი და არსებობს ამ მექანიზმების პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევებიც რეგულირებადი სუბიექტების მიმართ.

 

გასათვალისწინებელია თავად კომუნიკაციების კომისიის ფაქტორიც, რომელიც არსებული კანონმდებლობით ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოა, რომლის ყველა გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიურად, საჯარო სხდომაზე. კომუნიკაციების კომისიის წევრები არჩეული არიან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ და აქვთ მაღალი იმუნიტეტი. ასევე, ჩვენ სრულიად დამოუკიდებელი ვართ ფინანსურად სახელმწიფო ბიუჯეტისგან. საქართველოს კომუნიკაციების კომისია აკმაყოფილებს მსოფლიოში არსებული ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის და დამოუკიდებლობის სტანდარტს, რაც ქმნის კომისიის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილების, მათ შორის სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების, მაღალი სტანდარტით მიღების გარანტიას.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის აღსრულების უზრუნველყოფის შემოთავაზებული ღონისძიება საჩივრდება სასამართლოში, ანუ გადის სასამართლო კონტროლს. ავტორიზებულ პირებს საშუალება აქვთ გაასაჩივრონ ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება და საქმის არსებით გადაწყვეტამდე ასევე მოითხოვონ აქტის შეჩერება. აქტის შეჩერების მოთხოვნა ავტორიზებულ პირებს შეუძლიათ სარჩელის აღძვრამდეც კი, ხოლო სასამართლოს აქვს ვალდებულება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად სამი დღის ვადაში განიხილოს აქტის შეჩერების საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამის გათვალისწინებით, კანონპროექტით შემოთავაზებული აღსრულების ღონისძიებები სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია და ყველაზე მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე.

ეს არის მცდელობა შიდაპოლიტიკურ კონტექსტში ჩვენი საერთაშორისო პარტიორების ჩართვის, რაც ჩვენთვის გასაგებია, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საურისას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

 

მისივე თქმით, საქართველოს პროგრესს საფრთხე არ ემუქრება.

 

„მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც ჩამოთვლილია იქ, ქვეყანა ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან. როგორც ჩანს, ის შიდა წინასაარჩევნო, პოლიტიკური მაღალი ტემპერატურა, შიდა პოლიტიკური დაძაბულობა გარეთაც გადის. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო, ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როცა საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილების მიღების შემდგომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში, რასაც რა თქმა უნდა, გავაკეთებთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერის თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები არიან საქართველოს ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები.

 

„თითოეული მათი მხრიდან ნათქვამი გამოხატული საკითხი, ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამიტომ პროცესია ეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო ხდება ისე, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეულები ამ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ეს არის ცუდი, საბოლოოდ ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ ვნებს, საბლოოო ჯამში, ეს ვნებს ქვეყანას. ამიტომ ყველანი უნდა დავწყნარდეთ დავმშვიდდეთ, უნდა გვესმოდეს ყველას რომ კარგად ჩატარებული არჩვნები, ეს ყველასი ჩვენი საერთო მიზანია. ყველამ ერთად ღირსეულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები,“ - განაცხადა პრემიერმა.

 

ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა, მათ შორის ამერიკის შტატების მხრიდან.

 

„ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანა ის კი არაა ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე ერთი ამბავი ავტეხოთ, ეს უნდა მოვისმინოთ და გავაგრძელოთ დემოკრატიზაციის პროცესი ისე როგორც ვაკეთებდით. საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება, ისევე როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,“ - განაცხადა პრემიერმა.

 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი. კერძოდ, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზე.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

„კონგრესის მთავარი წევრები გრძნობენ, რომ როდესაც მათ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უარყოფითი მოქმედებების შესახებ გააკეთეს ერთგვარი მუქარა, როდესაც სანქციებზე დაიწყეს საუბარი, მერე, მთავრობამ საარჩევნო რეფორმის კანონი ძალიან სწრაფად დაამტკიცა“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.

 

მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს.

 

მისი თქმით, საქართველო ვაშინგტონში ისევ საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ საუბარი ქვეყანაზეა და არა - ცალკეულ პირებზე.

 

„არაა ისე, თითქოს აშშ-ს მთავრობაში ხალხს საქართველოს ოპოზიცია მოსწონს, ან „ქართული ოცნება“ არ მოსწონს. თავად საქართველოა პოპულარული და აღიქმება, როგორც აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერის ღირსი. ეს პირველ რიგში, დემოკრატიზაციის განვითარებაში საქართველოს მიღწევების გამოა (თუმცა, რამდენიმე სერიოზული ნაკლოვანებით), და ასევე, ნატო-ს გეოსტრატეგიული მიზეზებიდან გამომდინარე. არის საქართველოს მხარდაჭერის აქტიც, რომელიც სხვათა შორის, ცირკულირებს კონგრესში, თუმცა რაც შეეხება ამ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში, ეს საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის გადაცემას ითვალისწინებს, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორი პოპულარული რჩება საქართველო ვაშინგტონში“, - აღნიშნა ბრაიზამ.

 

მან დაასახელა ის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც, მისი მოსაზრებით, შეიძლება, კანონპროექტში იმ დებულების ჩადების მიზეზები იყოს, რომელიც საქართველოსთვის დაფინანსებიდან 15%-ის გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებს.

 

„დიახ, არის დებულება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შეეძლოს, ამ თანხის 15%-მდე გადაცემა შეაჩეროს, სანამ სახელმწიფო მდივანი, პომპეო არ დაადგენს ან წარადგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველო მართლაც აძლიერებს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე, ნამდვილად ებრძვის კორუფციას, და, ეს მესამე ნაწილია, რომ საქართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო და შიდა კომპანიების ოპერირებას ქვეყანაში, გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ. ვფიქრობ, ეს დიდწილად, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გამოცდილების შედეგადაა მოტივირებული - ამ პროექტის გაუქმებას ვაშინგტონი და კონგრესის ორივე პალატა - წარმომადგენელთა პალატა და სენატი უდიდესი ყურადღებით აკვირდებოდა. ასევე, ჩემი აზრით, ეს დებულება კიდევ იმიტომაა ჩადებული, რომ კონგრესის მთავარი წევრები გრძნობენ, რომ როდესაც მათ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უარყოფითი მოქმედებების შესახებ გააკეთეს ერთგვარი მუქარა, როდესაც სანქციებზე დაიწყეს საუბარი, მერე, მთავრობამ საარჩევნო რეფორმის კანონი ძალიან სწრაფად დაამტკიცა, რაც დიდ წინგადადგმულ ნაბიჯადაა აღქმული. ასე რომ, ახლა საქართველო სწორედ საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობისა და იმის გამო, თუ როგორ გაუმკლავდა კოვიდს, ვაშინგტონის მხრიდან ძალიან პოზიტიურ შუქზეა დანახული. თუმცა, არსებობს შეშფოთება ანაკლიის პორტის პროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით, და ალბათ ისიც, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს რუსეთის ზეგავლენის კონტექსტში; ასევე არის სხვა საქმეები, რამაც ვაშინგტონში „წარბების აწევა“ გამოიწვია.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, ვფიქრობ, დებულება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს აძლევს უფლებას, შეაჩეროს საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის გადაცემა, გაფრთხილებაა ქვეყნის მთავრობისთვის, მაგრამ ესეც საქართველოს მიერ წარმატების მიღწევის კონტექსტში, როგორც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორისა და ნატო-ს მომავალი წევრის“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

 

შეგახსენებთ, 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა დახმარების 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე იმ სპეკულაციებსა და ცრუ ინფორმაციებს უპასუხა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მედიის და არასამათავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან ვრცელდება.

 

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებებს კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან. კომისიის თავმჯდომარემ, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილებების მიზანი არა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისთვის დამატებითი კონტროლის დაწესება არამედ მომხმარებლების უფლებების დაცვაა.

 

„ბევრი სპეკულაციები მოვისმინე ბოლო დღეებში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მათ შორის არასამთავრობოების მხრიდან ითქვა, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური ცვლილებები, ეს არ არის სიმართლე, რადგან ორ კანონში უკვე ასეთი მექანიზმი, თუ ორ კანონში არ არის ანტიკონსტიტუციური მესამეში ვერ იქნება და ეს არის სიცრუე“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

 

კახა ბექაურმა, ყურადღება გაამახვილა „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანმდევ პაკეტზეც და განაცხადა, რომ პარლამენტთან შეთანხებით თანმდევი ცვლილებების პაკეტი დღის წესრიგიდან მოხსნილია.

 

„ამ პაკეტს თან ახლდა თანმდევი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოში გასაჩივრების ნაწილს, სასამართლო პრაქტიკა შეცვლილია ბევრი წელია, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებები ავტომატურად აღარ ჩერდება. ასევე, კანონის მიხედვით შესაძლებელია, კომპანიამ მოითხოვოს და გაასაჩივროს სპეციალური მმართველის დანიშვნა, რადგანაც კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების ავტომატური გაჩერება ასოცირების შეთანხმების მიხედვით არის ხარვეზი, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. ვინაიდან, ვალდებულება გვაქვს, რომ ჰარმონიზაციაში მოვდიეთ ასოცირების შეთანხმებასთან და ავტომატურად არ მოხდეს კომისიის გადაწყვეტილებების გაჩერება. თანმდევ დოკუმენტაციაში წარმოვადგინეთ ეს ცვლილებებიც, რომელიც ეხება ყველას მათ შორის მედიას, რადგან ჩვენ მაუწყებლობის სფეროსაც ვარეგულირებთ. თუმცა, ძირითადი ცვლილებების არსი აბსოლუტურად სხვა არის და კავშირი არ აქვს მედიასთან, ამიტომ, როდესაც მთავრობამ ინიციატივა დაარეგისტრირა, სამუშაო რეჟიმში პირველივე დღეს პარლამენტთან შევთანხმდით, რომ ეს თანმდევი დოკუმენტაცია არ არის აუცილებელი. ამიტომ. შევთანხმდით პარლამენტთან, რომ ეს ცვლილება აღარ იქნება.

 

რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელზეც უკვე ვილაპარაკე ბევრი ამ ცვლილებების მიზანი არის არა იძულების მექანიზმის გაძლიერება კომპანიებზე, ეს ცვლილება ემსახურება მომხმარებლების უფლებების დაცვას, რადგან თუ აღსრულება ეფექტური არ არის, უნდა შეჩერდეს ავტორიზაცია, ჩვენ ვითხოვთ უფრო მსუბუქ მექანიზმს, რათა მომხმარებელი დავიცვათ კომუნიკაციის შეწყვეტისგან“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ.

 

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა...“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტის განმარტებით ანგარიშში ახსნილია ის კონკრეტული პირობები, რომლის არშესრულების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს მთავრობას დახმარების 15 პროცენტი არ გამოუყონ. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის ჯამში $132 025 000-ის გამოყოფაზე.

 

ანგარიშში წერია, რომ სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს, საქართველოს მთავრობა რამდენად ეფექტიან ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კერძოდ, მხედველობაში მიიღებს შემდეგ გარემოებებს:

 

1. რამდენად ეფექტიანად ხორციელდება საარჩევნო რეფორმა;

 

2. რამდენად იცავს სასამართლო დამოუკიდებლობას, მათ შორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან;

 

3. რამდენად ეფექტიანად ახორციელებს პოლიტიკას ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საჯარო ინფორმაციასთან წვდომის კუთხით;

 

4. რამდენად დაცულია სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებები და მედიის თავისუფლება;

 

5. რამდენად ზღუდავს მთავრობა ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

 

რაც შეეხება ზოგადად საქართველოსთვის დახმარების გამოყოფის მიზნობრიობას, განმარტებით ანგარიშში წერია, რომ კომიტეტი მიმართავს სახელმწიფო მდივანსა და USAID-ის ადმინისტრატორს, პრიორიტეტები მიანიჭოს იმ პროგრამებს, რომლებიც კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 

"რუსეთის მთავრობის მხრიდან არსებული საფრთხეები ხაზს უსვამს აშშ-ს დახმარების მნიშვნელობას პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთის, მათ შორის საქართველოსთვის", - წერია დოკუმენტში.

 

კომიტეტი აღნიშნავს და მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, საქართველოს პარლამენტში მეტი პროპორციული წარმომადგენლობისთვის.

 

7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2021 წლისთვის საქართველოს გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15 პროცენტი "დააკავოს", მანამ, სანამ მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთის ეფექტიან ნაბიჯებს არ გადადგამს:

 

"სახსრების 15 პროცენტი არ გამოიყოს, სანამ სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ანგარიშს კომიტეტებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კორუფციასთან საბრძოლველად და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, რაც შესაბამისი იქნება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან".

 

კანონპროექტში საუბარია დახმარების არგამოყოფის გამონაკლის შემთხვევებზეც, რომლის მიხედვით, სახსრების შეჩერება არ უნდა შეეხოს იმ პროგრამებს, რაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, იმ პროგრამებსაც, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ძალადობის შემცირებისთვისაა.

არქივი

« « » » Июль 2019
Пн вт ср чт пт сб вс
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?