ხაზარაძეს სულ რომ გახარია მიეყვანა და მას იქ განეხორციელებინა შანტაჟი და ზეწოლა, ამ შემთხვევაშიც პროკურატურა დაყრუვდებოდა და დამუნჯდებოდა, მათი არც ერთი სიტყვა არ არის სანდო, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს " წევრი ირმა ნადირაშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილთან დაკავშირებით.

 

პროკურატურის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარადგინა დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა და ხელმოწერა.

 

როგორც ირმა ნადირაშვილი ამბობს, ამ შემთხვევაში სიმართლის დადგენის შესაძლებლობას „თიბისი ბანკის " საქმეზე მხოლოდ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა იძლევა.

 

„არანაირი ნდობა პროკურატურას ამ ქვეყანაში არ აქვს. ეს არის პროკურატურა, რომელმაც გვითხრა, რომ ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი არავის დანაშაული, ამის მიუხედავად, ისინი თავს დაესხნენ ბანკს და სცადეს ამ ბანკის დამფუძნებლების ტალახში ამოსვრა. მათზე ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთეს, დადასტურების გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეიქმნება საპარლამენტო კომისია და ამ ფორმატში ვიმსჯელებთ ამ წერილის შინაარსზე, იყო თუ არა მინისტრის მხრიდან შანტაჟი და ძალადობა. ის, რომ გახარია ჩართული იყო წინასაარჩევნო პროცესებში, ის რომ ზეწოლა იყო ადამიანებზე, ეს ყველა წერილის გარეშეა დადასტურებული და ჩვენ გვყავს ამ არჩევნების მსხვერპლი - ია კერზაია, იცით, რა ვითარებაში დაასრულა მან სიცოცხლე", -აღნიშნა ნადირაშვილმა.

 

მისივე თქმით, ის არ ენდობა საქართველოს პროკურატურას და ფიქრობს, რომ "თიბისი ბანკის" საქმეზე უწყება ჭეშმარიტებას ვერ დაადგენს.

 

"როცა პროკურატურაზე ვსაუბრობთ, არ მჯერა მათი არც ერთი სიტყვის. ხაზარაძემ ჯერ კიდევ დაკითხვის დროს ილაპარაკა, რომ მასზე შანტაჟი და ზეწოლა ხორციელდებოდა და სანამ კომიტეტზე სკანდალი არ ატყდა, კითხვებიც კი არ დაუსვეს პროკურატურის წარმომადგენლებმა თუ რა შანტაჟზე საუბრობდა. ამიტომ, არ მაქვს ნდობა, არ მგონია, რომ რაც არ უნდა მიეტანა ხაზარაძეს პროკურატურაში, რაიმე ობიექტურს დაადგენდნენ, სულ რომ გახარია მიეყვანა და გახარიას იქ განეხორციელებინა შანტაჟი და ზეწოლა ამ შემთხვევაშიც პროკურატურა დაყრუვდებოდა და დამუნჯდებოდა. მათი არც ერთი სიტყვა არ არის სანდო", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.