ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც წერეთელი აცხადებს, გამოქვეყნებული წერილის შინაარსი "ტვ პირველის" მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მისი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს.

 

„მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავნილი "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით... "ტვ პირველის" 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ „ტვ პირველი“ მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუნქტურასა და "ტრენდს", რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია. არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით“, - აცხადებს ვახტანგ წერეთელი და იქვე აღნიშნავს: „ეს კინო უკვე ნანახი მაქვს... პირველი სერია გადავიტანეთ“.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.