არ არსებობს დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა არ აქვს მიცემული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისთვის და ამ ლოგიკით, საქართველოში არავინ არის შემოსაშვები, - ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განუცხადა, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს.

 

მან ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს მხოლოდ საერთაშორისო და საპარლამენტო დიპლომატიის საშუალებები აქვს, რათა საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიცვას.

 

„ჩვენ ვემიჯნებით გავრილოვის და რუსული დიპლომატიის პოზიციას. რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს, მაგრამ ეს არის საერთაშორისო ღონისძიება, მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაა, ამიტომაც, არათანაზომადია ერთმანეთთან გავრილოვის მონაწილეობით გადაფარვა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენისა, რაც დღეს თბილისში ხდება. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო და საპარლამენტო დიპლომატიის საშუალებები გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ. ის, ვინც ამ ინსტრუმენტების გამოყენების წინააღმდეგია, უნებლიედ არის საქართველოს მთლიანობის, საქართველოს გამთლიანების მოწინააღმდეგე. მარტო ემოციური განცხადებებით ეს საქმე ვერ გაკეთდება. სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს იმხელა სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერე, რომ ტერიტორიული მთლიანობა მასზე დაყრდნობით აღადგინოს. ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ქვეყნის დელეგაციის შემადგენლობა და ღონისძიება. ვინც მართლმადიდებლური ასამბლეის წინააღმდეგია, ის ავტომატურად წინააღმდეგია ამ ინსტრუმენტის გამოყენების და უნებლიედ ჩართულია იმ დოგმატურ ჩარჩოებში, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქადაგებს, როცა ჩვენი ბიჭების ცხედრები ეყარა ცხინვალში და თბილისში გამარჯვებას ზეიმობდნენ. ჩვენი ინტერესები საქმით უნდა დავიცვათ და უარი არ უნდა ვთქვათ საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებაზე“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

მან ისაუბრა დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დუმის ყველა დეპუტატს აქვს მიცემული ხმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისთვის.

 

„დიპლომატიური ქაჯობა ვუწოდე ამას, იმიტომ, რომ გენერალური ასამბლეის წევრია ქვეყანა და არა გავრილოვი. დელეგაციებში კი ვინ იქნებიან, წყვეტენ სახელმწიფოები და არა ათენი, გენერალური სამდივნოს სახით ან თბილისი - მასპინძლის სახით. არ არსებობს დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა არ აქვს მიცემული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისთვის და ამ ლოგიკით არავინ არაა შემოსაშვები საქართველოში“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

ასამბლეას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ესწრება. მას სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.