თბილისის მერი კახი კალაძე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მან „ფეისბუქის“ ლაივ ჩართვის დროს განაცხადა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა აღარ უნდა ჩატარდეს.

 

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ წინასწარ ყოფილიყო განსაზღვბრული, რა მოჰყვებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რუსი დელეგატების საქართველოში ჩამოსვლას.

 

„კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება პარლამენტში და ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა შეწყდეს. აუცილებლად უნდა გადაიდოს. კატეგორიულად მიუღებელია ის ყველაფერი, რაც ხდებოდა. ალბათ მოგვიანებით, ყველაფერი გაირკვევა, რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე. თუმცა, ალბათ წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, ამ შეხვედრის ჩატარება საერთოდ შეიძლებოდა თუ არა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში. არ არის მისაღები რაც დღეს ხდება და რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.