ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ურჩევს. საჯარო წერილში, რომელიც კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ბიძინა ივანიშვილისადმი რჩევების ის პუნქტებია გამოყოფილი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ნდობას შეინარჩუნებს. რჩევების ერთ-ერთ პუნქტში კვირიკაშვილი ივანიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენებას სთავაზობს.

 

„შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა ასევე აიღოს პასუხისმგებლობა გუშინ დაზიანებული ჩვენი შვილების და საზოგადოების წინაშე და დატოვოს თანამდებობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ყოფილი პრემიერის მოსაზრებით პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ თავად გრძობს პასუხისმგებლობას და წუხს, რომ ეს ცვლილება მისი პრემიერობის დროს არ განხორციელდა.

 

„საკანონმდებლო (ან საკონსტიტუციო) ცვლილება, რომელიც სხვა დანარჩენ ვალდებულებებთან ერთად, როგორიცაა გადასახადების გადახდა და ა.შ., სავალდებულოს გახდის საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას (ადამიანის უფლებების ზოგიერთი დამცველი, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ამ იდეას, თუმცა ეს კონცეფცია მუშაობს არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, და არ შეიძლება, 3.7 მილიონი მოსახლეობის ნახევარი ან უფრო ნაკლები ირჩევდეს ხელისუფლებას და განსაზღვრავდეს ქვეყნის მომავალს). ეს ცვლილება ასევე დაასრულებს გაუთავებელ საუბარს მმართველი ძალის პარტიული კოორდინატორების არაპროპორციულ გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და შედეგად პოლიტიკურ სპექტრს გაამრავალფეროვნებს“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

 

წერილის ბოლოს კვირიკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოთქმული რეკომენდაციების გათავლისწინებით ქართული ოცნება შეძლებს შეინარჩუნოს მოსახლეობის ნდობა არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესებისადმი, არამედ დაიტოვოს შანსი, იყოს პროცესის წარმმართველი და რაც უმთავრესია, ქვეყანას შეუნარჩუნოს შესაძლებლობა, დარჩეს დასავლურ ორბიტაზე რეგიონის ლიდერად.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.