დეპუტატებს, რომლებიც „ქართული ოცნებიდან“ წამოვიდნენ, მინდა ვთხოვო, მხარი დაუჭირონ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატების მისამართით თხოვნა მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შესასვლელთან გააჟღერა, ვინაიდან მას შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.

 

„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, მინდა დეპუტატებს ადამიანური თხოვნით მივმართო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მხარს მიჭერს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. შესაბამისად, მინდა იმ ადამიანებს მივმართო თხოვნით, რომლებიც „ქართული ოცნებიდან“ უკვე წამოვიდნენ. ბრიფინგის პარლამენტში გამართვის საშუალება არ მოგვეცა და აქედან გამომდინარე, გარეთ გვიწევს ამ მიმართვის გაჟღერება. დიდი იმედი მექნება, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერთ. მინდა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, თუ რატომ იქნა თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლული,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

 

მან აღნიშნული თხოვნით თამარ ჩუგოშვილს, თამარ ხულორდავას, დიმიტრი ცქიტიშვილს, ირინა ფრუიძეს, მარიამ ჯაშს, ზვიად ძიძიგურს, ბიძინა გეგიძეს, კობა ნარჩემაშვილს, ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, ნინო გოგუაძეს, გიორგი მოსიძეს, გიორგი ბეგაძეს, გედევან ფოფხაძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, ეკა ბესელიას, ბექა ნაცვლიშვილს, დავით ჭიჭინაძეს, ალექსანდრე ერქვანიას და ზაზა ხუციშვილს მიმართა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.