ძალიან უხერხული პროცესი იყო ის, თუ როგორ ცდილობდნენ საპროკურორო საბჭოს წევრები და მისი თავმჯდომარე უხერხული კითხვები აერიდებინათ ირაკლი შოთაძისთვის, რაც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა,- ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძესთან გასაუბრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ოთარ კახიძის თქმით, ირაკლი შოთაძემ პრაქტიკულად დაადასტურა ის, რაც საზოგადოებამ აქამდეც იცოდა, რომ „სინამდვილეში სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელი არაფორმალურად არის ბიძინა ივანიშვილი და გენერალური პროკურორი იქნება, პრემიერ-მინისტრი, თუ სხვა ფიგურა, ივანიშვილის წინაშე ყველა ანგარიშვალდებულია“.

 

„სწორედ ამიტომ არ ვესწრებოდი სხვა გასაუბრებებს, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას საპროკურორო საბჭო არ იღებს, ისინი არ არჩევენ კანდიდატს, ეს არის ფასადური პროცესი, საბოლოო ჯამში, ყველა გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი იმისათვის, რომ შემდგომ ამ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეები აწარმოოს პოლიტიკური ოპონენტების, ბიზნეს მოწინააღმდეგეების, სატელევიზიო საშუალებების მფლობელთა მიმართ და ივანიშვილმა გენერალური პროკურატურა გამოიყენოს, როგორც ინსტრუმენტი. ამას ემსახურებოდა ბატონი შოთაძეც, მისი წინამორბედებიც, შალვა თადუმაძეც“, - განაცხადა კახიძემ.

 

მისივე თქმით, ირაკლი შოთაძე იქნება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, შალვა თადუმაძე, ოთარ ფარცხალაძე, გიორგი ბადაშვილი, თუ არჩილ კბილაშვილი, ამ სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს.

 

როგორც კახიძემ აღნიშნა, ეს უწყება კანონის უზენაესობის ნაცვლად ემსახურება ერთი პირის ინტერესებს და საზოგადოების სამსახურში არ დგას.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.