„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდა. უგულავა შვილს დაემშვიდობა და მედიასთან კომენტარი გააკეთა.

 

როგორც უგულავამ აღნიშნა, ბრძოლა გრძელდება.

 

„ბრძოლა გრძელდება მანამ, სანამ ამ შავ ჭირს არ მოვიშორებთ. არც ამ შავი ჭირის მოშორება არ არის გამოსავალი. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ის სისტემა, რომელიც მათ შორის, იმათ ჭამს, ვინც ამ სისტემის სათავეში იყო იმიტომ, რომ რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, მართლმსაჯულებასთან საერთოდ არაფერ კავშირში არ არის. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება ყველა ადამიანი, რომელიც, უბრალოდ, ივანიშვილს არ ემორჩილება ანუ, ჩვენ გვაქვს არჩევანი, ან ვიყოთ მორჩილები რაც უყვარს, ადამიანები, რომლებიც არ ეკამათებიან მას, ყველაფერს უჯერებენ და ყველანაირ საზიზღრობაზე აწერენ ხელს, ან ვიქნებით თავისუფლები და ვიბრძოლებთ. სისტემამ უნდა გამორიცხოს ასეთი შავი ჭირის მოსვლა და ასეთი ჟამიანობის დადგომა. ამიტომ არის სამუშაო ძალიან ბევრი. მარტო ის არა, რომ ივანიშვილს მოვიშორებთ. ივანიშვილს მოვიშორებთ, მაგრამ მერე აღარ უნდა იყოს თადუმაძისნაირი ადამიანები სასამართლოში და არ უნდა იყოს შოთაძისნაირი ხალხი პროკურატურაში და არ უნდა იყოს სისტემა, რომელიც ერთ ადამიანს ემსახურება და ისეთ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება და საკუთარი თავი ანაღვლებს“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.