Bloomberg-ის ჟურნალისტი, ილაი ლეიკი, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, განცხადებას ეხმაურება და ამბობს, არასერიოზულია მოსაზრება, რომ ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, ამაში ფულს უნდა იღებდეს. ჟურნალისტთან ინტერვიუს ამერიკის ხმა ავრცელებს.

 

"ეს სავსებით მცდარია, ერთადერთი, ვინც ჩემს სტატიაში ფულს მიხდის Bloomberg-ია, სადაც მე ვმუშაობ. არასერიოზულია მოსაზრება, რომ ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, ამაში ფულს უნდა იღებდეს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი, კონგრესის წევრები, ფრიდომ ჰაუსი და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდი შეთქმულების ნაწილი არიან", - უთხრა ლეიკმა ამერიკის ხმას.

 

ჟურნალისტმა ასევე ისაუბრა აშშ-ს სენატის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მთავრობის კრიტიკაზე და თქვა, რომ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მნიშვნელობას "არ დააკნინებდა".

 

"სენატორი რიში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, საქართველოსთვის საგარეო დახმარება იქნება თუ სამხედრო, ყველაფერი მის კომიტეტში გადის. ამ პოზიციაზე მას ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა აქვს. ამიტომ მე სენატის საგარეო კომიტეტის მნიშვნელობას არ დავაკნინებდი", - ამბობს ლეიკი.

 

მისივე თქმით, დემოკრატიის დაღმასვლა გაზრდის ზეწოლას კონგრესში ორივე პარტიიდან, რომ რაიმე მოიმოქმედონ საქართველოს შემთხვევაში.

 

"მე მოვუწოდებდი ივანიშვილს, ყურადღება მიაპყროს რა მოხდა საუდის არაბეთის [ტახტის მემკვიდრის] მუჰამედ ბინ სალმანის შემთხვევაში. შეერთებულ შტატებს საუდის არაბეთთან უფრო მტკიცე ურთიერთობა აქვს წლების განმავლობაში, ვიდრე საქართველოსთან და ეს ადმინისტრაცია საუდის არაბეთს მტკიცედ უჭერს მხარს. თუმცა, კონგრესში შეშფოთების ზრდის გამო, ჩვენ ვიხილეთ არა მხოლოდ მაგნიცკის აქტის გავლით საუდის არაბეთის მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციები, არამედ საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიწოდების გაჭიანურება, და ეს მოხდა ირანთან ცხელი ომის ფონზე", - ამბობს ლეიკი.

 

არჩილ თალაკვაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საერთაშორისო გამოცემა Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატია დასპონსორებულია.

 

"Bloomberg-ის სტატია, რომელზეც თქვენ მეკითხებით მაღალი ალბათობით, სავარაუდოდ, არის დასპონსორებული სტატია, ეს იქიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ Bloomberg-ს არც ერთხელ არ უთქვამს და არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტისთვის და დღეს აქვეყნებს სტატიას, რომ თითქოს ის 76 მილიონს ხარჯავს", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

 

Bloomberg-ის სტატიაში ბიძინა ივანიშვილი "ჩრდილოვან მმართველადაა" მოხსენიებული და მის მიმართ კრიტიკული მოსაზრებებია გამოთქმული. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარტიების ნაწილს, რომლებსაც ქვეყანაში დაბალი და "ნულოვანი" მხარდაჭერა აქვთ წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.