მახარებს, რომ მთელი ოპოზიცია არის ერთიანი. ჩემი უახლოესი მეგობრები, ჩემდა სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიაში არიან და მე ყველა მათგანს შევხვდები,- ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება და დასკვნებს გააკეთებს, კონკრეტული პოლიტიკური გეგმების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

 

„მახარებს, რომ მთელი ოპოზიცია არის ერთიანი და ამ ერთიანობით ჩვენ დავამარცხებთ არსებულ რეჟიმს. კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ვიყავი იზოლაციაში, ვიყავი ჩამოცილებული ყოველდღიურ პროცესებს და აქედან გამომდინარე, როგორც აქამდე ვერ ვაკეთებდი განცხადებებს, დღეს არ შემიძლია განცხადება გავაკეთო, იმიტომ, რომ 5 წუთში, რაც გამოვედი საკნიდან, არაფერი შეცვლილა.

 

ჩემი უახლოესი მეგობრები და მათ შორის თანამებრძოლები, ჩემდა სამწუხაროდ სხვადასხვა პარტიაში არიან, როგორც ერთ, ისე მეორე პარტიაში. მე, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, ყველა მათგანის აზრს გავიზიარებ, გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებებს, როდესაც დასკვნას გავაკეთებ, მჭირდება გარკვეული დრო, როდესაც მე ჩამოვყალიბდები, ამის შესახებ გაიგებთ. ყველას გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ, ქვეყანა წავა წინ“,- განაცხადა მერაბიშვილმა.

 

ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დღეს პენიტენციურ დაწესებულება დატოვა. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა ამოეწურა.

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.