აქ შეკრებილი საზოგადოება ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია მშვიდობიანად დავასრულოთ მტერთან კოლაბორაციაში მხილებული ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა,- ამის შესახებ აქციაზე „სირცხვილია“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, როცა მან აქციის მონაწილეებს მანიფესტი და სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი თქმით, საბოლოო გამარჯვებისთვის გააკეთებენ შემდეგს:

 

„შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა ჯგუფებს, რომელიც მოსვენებას არ მისცემს ივანიშვილის მსახურებს. იურიდიულ მხარდაჭერას გაუწევს „გავრილოვის ღამით“ დაზარალებულებს. შევქმნით სწრაფი რეაგირების ოპერატიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის წევრებს და ყველა ადამიანს, ვინც რეპრესირებულია სახელმწიფოს მიერ. შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომლებიც დაამარცხებენ ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიებს. შევქმნით ელფების არმიას, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ტროლებს. დაიწყება ფართომასშტაბიანი კამპანია, რათა ამომრჩეველმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი,“- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

 

მისივე თქმით, 20 ივნისს ხელისუფლების მიერ ჩადენილმა სამარცხვინო დანაშაულმა „განსხვავებულები გაერთიანა“, მაგრამ ხელისუფლებამ სამშობლოს ერთგული ხალხის პროტესტს ძალადობით უპასუხა.

 

„ჩვენ ამას არ ვპატიობთ. დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს, თქვენ გქონდათ შანსი, შეგესმინათ საზოგადოების მოთხოვნები და აგეღოთ პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცდომებზე, თუმცა, ამის ნაცვლად, თქვენ ღიად დაუპირისპირდით ხალხის ნებას. თქვენ დააწინაურეთ შს მინისტრი, რომელიც დამნაშავე იყო ხალხის წინაშე და ქვეყნის პირველ პირად გაასაღეთ იგი. ჩვენ არც ამას გპატიობთ. ჩვენთვის მიუღებელია ერთპიროვნული, ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობა. ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და მიიტაცა ყველა სახელისუფლებო შტო,“- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

 

მისივე თქმით, დღეს 2019 წლის 20 სექტემბერს, „მისმა უდიდებულესობამ სამოქალაქო საზოგადოებამ ჩართო წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე დაასრულებს.“

 

„ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები, ექიმები, რომლებსაც ანდობთ ჯანმრთელობას, იურისტები, რომლებსაც ანდობთ სიმართლეს, ჟურნალისტები, რომლებსაც ანდობთ სათქმელს, პოლიციელები, რომლებსაც ანდობთ უსაფრთხოებას, მასწავლებლები, რომლებსაც ანდობთ შვილებს, ხელოვანები და მეცნიერები, სტუდენტები და პენსიონერები, მაღაროელები, ყველა ვისი მშვიდოაბიანი პროტესტიც 3 თვეა გრძლდება და როცა ერთად ვდგავართ, ჩვენ ვცვლით მომავალს უკეთესობისკენ,“- აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.

 

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.