ვითხოვთ, ეს ასამბლეა დასრულდეს რეზოლუციის მიღებით, რომელიც მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, დღეს საღამოს, 19:00 საათზე, საქართველოს ყველა მოქალაქე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად პარლამენტთან უნდა მივიდეს.

 

„არ ჰქონდათ უფლება გავრილოვი შემოეშვათ ქვეყანაში. მათ ეს გააკეთეს. ჩვენ ფიზიკურად გვიწევს დაცვა ჩვენი პარლამენტის, ფიზიკურად გვიწევს დაცვა ჩვენი ქვეყნის. დღეს, 19:00 საათზე ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტთან. მინდა განვუმარტო ჩვენს მოქალაქეებს, დღეს მარტო ჩვენი ფიზიკური წინააღმდეგობის შედეგად მოუწიათ საქართველოს პარლამენტის შენობის დატოვება ამ ხალხს, მაგრამ ისინი რჩებიან საქართველოში და აგრძელებენ მუშაობას ამ ფორუმზე. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, დღეს ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტთან, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერთ მხარს და ვითხოვთ ეს ასამბლეა, რომელიც იკრიბება საქართველოში, დასრულდეს რეზოლუციის მიღებით, რომელიც მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და არის საქართველოს ყველა მოქალაქის მოთხოვნა. მოდით, დღეს საქართველოს პარლამენტთან, ჩვენი ქვეყნის დასაცავად, მისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, რომ ამ ხალხმა დაინახოს, ჩვენ აქ რამდენიმე გიჟი დეპუტატი კი არ ავედით დარბაზში და გავაპროტესტეთ ჩვენი სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, არა, ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.