გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსი იან ბითნერი განმარტავს, რატომ ჭიანურდება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე ბუნდესრატის მიერ გადაწყვეტილების მიღება.

 

იან ბითნერმას განცხადებით, იმ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება მაროკოსთან, ალჟირთან და ტუნისთან ერთად უნდა მოხდეს, აზრთა სხვადასხვაობაა.

 

„რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას, გერმანიის პარლამენტის პირველმა პალატამ, ბუნდესტაგმა გადაწყვიტა, საქართველო, მაროკოსთან, ალჟირთან და ტუნისთან ერთად უსაფრთხო ქვეყნად გამოეცხადებინა, მაგრამ საჭიროა საკანონმდებლო ორგანოს მეორე პალატის - ბუნდესრატის თანხმობა. ბუნდესრატის თანხმობა გარანტირებული არ არის და ამიტომ შეუძლებელია, კონკრეტულ თარიღზე ვისაუბროთ. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მწვანეთა პარტიაში არსებობს აღნიშნული კანონის მიმართ კრიტიკა.

 

საქმე ეხება მაროკოში, ალჟირსა და ტუნისში მდგომარეობის განსხვავებულ შეფასებას. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი პარტიებს შორის არ არის საკამათო საკითხი. გერმანიაში საქართველო ითვლება სტაბილურ ქვეყანად, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები. მაგრამ რადგან ამ კანონის პაკეტში ოთხი ქვეყანაა გაერთიანებული, არ არსებობს იმის გარანტია, რომ საქართველო მალე გამოცხადდება უსაფრთხო ქვეყნად და ამიტომ არ არის ეს კანონი საბოლოოდ მიღებული. თუ საერთო შეთანხმება არ მოხდა, საქართველოსთვის ეს სტატუსი ისეთი სახით დარჩება, როგორც ახლა არის.

 

მიუხედავად ამისა, ის საკითხი, გამოცხადდება თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყანად, საქართველოს მოქალაქეებისთვის თითქმის არ გამოიწვევს ცვლილებებს. დღესაც, საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნათა დაკმაყოფილება თითქმის ნულის ტოლია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დღესაც არ არსებობს გერმანიაში თავშესაფრის მიღების შანსი.

 

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანა. მან შეიმუშავა ეს კანონპროექტი, რომელსაც შემდეგ ბუნტესტაგმა დაუჭირა მხარი“, - განაცხადა გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსმა იან ბითნერმა.

Email:Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.